საქართველოს საბანკო სექტორი 21 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი

საქართველოს საბანკო სექტორი, 2014 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით, 21 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი, მათ შორის 17 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით და 2 - უცხოური ბანკის ფილიალით.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 0.6 მლრდ ლარით, ანუ 3.3 პროცენტით გაიზარდა და 19.6 მლრდ ლარი შეადგინა. საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 3.5 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 17.6 პროცენტია.

უცხოური კაპიტალის მონაწილეობამ ბანკების მთლიან განაღდებულ საწესდებო კაპიტალში 76.6 პროცენტი შეადგინა. გასული თვე საბანკო სექტორმა მოგებით დაამთავრა. ნოემბრის თვის წმინდა მოგებამ 22.0 მლნ ლარი შეადგინა.

ხუთი უმსხვილესი აქტივების მქონე ბანკის წილმა საბანკო სექტორის მთლიან აქტივებში 75.4 პროცენტი შეადგინა.