რატომ იზრდება მისო-ების მოგება რეკორდულად - ასოციაციის განმარტება

მიკროსაფინანსო ორგანიზაციები რეკორდულ მოგებაზე არიან. თუ 2020 წლის მე-2 კვარტალი მისო-ებმა 29 მლნ ლარის ზარალით დაასრულეს, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში 58-მილიონიან მოგებაზე გავიდნენ.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის თავმჯდომარე, ბესო შენგელია ფაქტს სექტორის მრავალფეროვნებით ხსნის. მისი თქმით, მოგება ძირითადად იმ ობიექტების ხარჯზეა გაზრდილი, რომლებიც სალომბარდე საქმიანობას ეწევიან.

,,მომგებიანობასთან დაკავშირებით, ხშირად ხდება არასწორი ინტერპრეტაცია. მიკროსაფინანსო სფეროში ორგანიზაციების ძალიან დიდი სპექტრია წარმოდგენილი, სხვადასხვა ბიზნეს-პროფილით და ა.შ. რომელსაც უბრალოდ ჰქვია მისო, თუმცა აქტივობით, კლიენტურის სპეციფიკით და ბიზნეს მოდელით ძალიან დიდი სხვაობაა. ასე რომ, ერთმა დიდმა, ლომბარდული ტიპის დაწესებულებამ რომ დაწეროს დიდი მოგება, ეს აისახება ზოგადად სექტორის ზრდის რიცხვებზე, მაგრამ არ ნიშნავს, რომ ჩვენი სექტორი გაიზარდა. ძირითადი ზრდა, რაც მოგახსენეთ ამ სეგმენტზე მოდის. თუმცა მას შემდეგ, რაც ლოქდაუნები აღარ არის და თავისუფლად ფუნქციონირების საშუალება მოგვეცა, უშუალოდ ჩვენს სექტორშიც ნამდვილად არის ზრდა და პოზიტიური ტენდენცია ამ მხრივ შესამჩნევია.

რაც შეეხება თანამშრომლების რაოდენობის ზრდას, ვფიქრობ ეს კოვიდთან დაკავშირებული რეგულაციების გამკაცრებითაა გამოწვეული. მეტი რეგულაცია ბიზნესისთვის ყოველთვის მეტ ხარჯს და მეტ პერსონალს საჭიროებს“,- განაცხადა ბესო შენგელიამ ,,ბიზნესპრესნიუსთან“.

ინფორმაციისთვის, ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციების კონსოლიდირებული ანგარიშგების მიხედვით, 2021 წლის მეორე კვარტალში ბაზარზე მოქმედმა 39 მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ 58 093 248 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს, დარეზერვებამდე წმინდა მოგებამ კი 59 590 034 ლარს შეადგინა.

ანგარიშის მიხედვით, გაზრდილია დასაქმებულთა რიცხვიც. 2020 წლის მეორე კვარტალში 42 მისო ასაქმებდა სულ 3 974 ადამიანს, 2021 წლის მეორე კვარტალში კი 39 მისო ასაქმებს 4 212 ადამიანს.

თამარ მუკბანიანი