ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსის „დელტა“ შტამს გავრცელების სხვა ტემპი და სირთულე აქვს

ახალ შტამს, როგორც უკვე მსოფლიო პრაქტიკა გვიჩვენებს, სხვა ტემპი და სხვა სირთულე აქვს, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, ახალი შტამის გავრცელების ტემპი სხვა ტალღებისგან განსხვავებულია.

“ახალ შტამს, როგორც უკვე მსოფლიო პრაქტიკა გვიჩვენებს, სხვა ტემპი და სხვა სირთულე აქვს. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ინფექციის გავრცელების ტემპი განასხვავებს მეოთხე ტალღას მეორე ტალღისგან, მესამე ტალღა შედარებით მარტივად გავიარეთ“, - განაცხადა ტიკარაძემ.

გარდა ამისა, მინისტრმა კორონავირუსის დღევანდელ მაღალ მაჩვენებელზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ინფიცირების ახალ შემთხვევებზე პასუხისმგებლობა ყველამ უნდა აიღოს.

„რას ნიშნავს ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობას ვინ იღებს?! ეს ჩვენი ყველას საერთო პასუხისმგებლობაა. პასუხისმგებლობას არავინ არ გაურბის, ყველანი ვმოქმედებთ ჩვენი კომპეტენციების ფარგლებში. ჩვენ ვხედავთ, რომ არც სასწრაფო ბრიგადას დაუტოვებია ქუჩაში არცერთი ადამიანი. ყველა გამოძახება პასუხგაცემულია. მართალია დაგვიანებით, გამომდინარე იქიდან, რომ გამოძახებები 50%-ზე მეტითაა გაზრდილი“, - განაცხადა ტიკარაძემ.