ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, მნიშვნელობა არ აქვს როდის გადაიტანა უცხოეთიდან შემოსულმა პირმა კოვიდი, ის ერთჯერადად აცრის შემთხვევაში, მაინც სრულად ვაქცინირებულად ჩაითვლება

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, არა აქვს მნიშვნელობა როდის გადაიტანა უცხოეთიდან შემოსულმა პირმა კოვიდი, ის ერთჯერადად აცრის შემთხვევაში მაინც სრულად ვაქცინირებულად ჩაითვლება.

„როდის გადაიტანა მან კოვიდი არ აქვს მნიშვნელობა. ამის შემდეგ მნიშვნელოვანია, რომ მას ჰქონდეს ჩატარებული აცრა“, - განაცხადა „ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ ჯანდაცვის მინისტრმა.

ამასთან, ტიკარაძემ აღნიშნა, რომ მთელი მსოფლიო კოვიდინფექციასთან მიმართებაში დაკვირების პროცესშია, ამიტომ რთულია მხოლოდ ერთი ქვეყნის მაგალითზე დამაჯერებელი პასუხის გაცემა.

„თქვენ ხედავთ, რომ ძალინ ხშირი იყო რეკომენდაციები „რემდესივირთან“ დაკავშირებით, იყო საჭირო თუ არ იყო, მან თავისი ეფექტი აჩვენა. შემდეგ იყო იგივე ტესტირებასთან დაკავშირებით - უნდა ყოფილიყო ანტიგენ ტესტი და PCR ტესტი თუ PCR ტესტი თუ სხვა და ა.შ. მთელი მსოფლიო გარკვეულწილად კოვიდ ინფექციასთან მიმართებაში არის დაკვირვების პროცესში და ძიებაში. ამიტომ ძალიან მიჭირს ხოლმე მხოლოდ ერთი ქვეყნის მაგალითზე გაგცეთ ის დამაჯერებელი პასუხი, რომელიც შემდეგი 3-4 თვის მანძილზეც იქნება ვალიდური და არ შეიცვლება. ამას ესაჭიროება მეცნიერული დაკვირვება დიდი პერიოდის განმავლობაში. საბოლოო ჯამში ეპიდომიოლოგები და ასევე ექიმები მივლენ იმ დასკვნამდე, თუ რა არის ყველაზე სწორი გადაწყვეტილება კოვიდთან მიმართებაში. დაველოდოთ მეცნიერებს როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოში“ , - განაცხადა ტიკარაძემ.