BioNTech 2021 წელს ვაქცინებიდან 16 მილიარდი ევროს მიღებას ელოდება

გერმანული კომპანია BioNTech, რომელიც ამერიკულ Pfizer-თან პარტნიორობით აწარმოებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას, მოელის, რომ 2021 წელს ამ ვაქცინის გაყიდვებიდან 15,9 მილიარდი ევროს შემოსავალს მიიღებს. ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ ფინანსურ ანგარიშში წერია.

კომპანიის ინფორმაციით, მათ გაზარდეს მიმდინარე წლის ფინანსური მაჩვენებლის პროგნოზი 12,4 მილიარდი ევროდან 15,9 მილიარდ ევრომდე. კომპანიაში განმარტეს, რომ ასეთი მოლოდინი განპირობებულია ამ დროისთვის არსებული კონტრაქტებით, რომელიც 2,2 მილიარდი დოზა ვაქცინის მიწოდებას ითვალისწინებს 2021 წლის განმავლობაში, ხოლო 1 მილიარდზე მეტის - 2022 წელს.

ამასთან, როგორც ანგარიშში წერია, კონსორციუმმა BioNTech-Pfizer 21 ივლისის მდგომარეობით 1 მილიარდზე მეტი ვაქცინა გააგზავნა 100-ზე მეტ ქვეყანაში. სულ BioNTech და Pfizer 2021 წლის განმავლობაში აპირებენ ჯამში 3 მილიარდი ვაქცინის მიწოდებას დამკვეთებისთვის და კიდევ 4 მილიარდის - 2022 წლისთვის.

კოკა კვირკველია