ვაქცინებზე ცრუ ინფორმაციის გამავრცელებლების წინააღმდეგ სახელმწიფომ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას - ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის მოსაზრებით, „ვაქცინების მიმართ ცრუ ინფორმაციის გამავრცელებლების წინააღმდეგ სახელმწიფომ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას“. ამის შესახებ კულუმბეგოვი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„და მაინც მგონია, რომ ვაქცინების მიმართ ცრუ ინფორმაციის გამავრცელებლების წინააღმდეგ სახელმწიფომ უნდა გადადგას ქმედითი ნაბიჯები.

აღნიშნულის ბერკეტი მას გააჩნია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

მუხლი 247. სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემქმნელი გარემოების შესახებ

ინფორმაციის დამალვა ან გაყალბება!

1. იმ გარემოების, ფაქტის ან მოვლენის შესახებ ინფორმაციის დამალვა ან გაყალბება, რომელიც საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან გარემოს, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ვალდებული იყო მიეწოდებინა ეს ინფორმაცია მოსახლეობისათვის, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

თუ კანონი გაფართოვდება (ამჟამად ეხება მხოლოდ სამინისტროს თანამშრომლებს) და მასმედიაში აზრის გამომთქმელ ნებისმიერ ექიმს შეეხება, გაცილებით გავაუმჯობესებთ საზოგადოების ინფორმირებულობის დონეს,“-წერს კულუმბეგოვი.