შვეიცარიაში ბოლო რამდენიმე კვირის ნალექმა ვაზის ჭრაქის სწრაფი გავრცელება გამოიწვია. პორტალ AgroXXI-ის ცნობით, ამ სოკოვანმა დაავადებამ ვენახებში ეპიდემიურ მასშტაბს მიაღწია, რადგან ის ყველაზე აქტიურად ტენიან და გრილ პირობებში მრავლდება.
შვეიცარელი მევენახეები და მეღვინეები ცუდ მოსავალს მოელიან. ვალეს მევენახეობის განყოფილების ხელმძღვანელი, პიერ-ანდრე როდუი ადასტურებს, რომ წელს სოკოვანი დაავადებებით გამოწვეული ზიანი, სხვა წლებთან შედარებით, გაცილებით დიდი იქნება.
ვალეს გარდა, ვაზის ჭრაქი მძვინვარებს ვოსა და ტიჩინოს კანტონებში. Vaudois Competence Centre-ის სპეციალური კულტურების ხელმძღვანელის, ოლივიე ვირეტის თქმით, ცხელი ივნისის შემდეგ, როდესაც ვაზი სწრაფად იზრდებოდა, თვის ბოლოდან, 20 ივნისიდან დღემდე წვიმდა, რამაც ინფექციის ციკლს ჩაუყარა საფუძველი.
„იტალიურენოვან რეგიონ ტიჩინოში მეღვინეები სრულიად იმედგაცრუებული დარჩნენ. მათ ვაზის ჭრაქი მას შემდეგ დაატყდათ თავს, რაც სეტყვამ ადგილობრივი მოსავლის 90%-მდე გაანდაგურა,“ - წერს AgroXXI.
მუდმივი ტენიანი ამინდის გამო, სოკოვან დაავადებებთან ბრძოლა, როგორიცაა ჭრაქი, მეტად გართულდა. ვაზებს პროფილაქტიკური დამუშავება პესტიციდებით სჭირდება, მაგრამ ფუნგიციდების შესხურება წვიმის დროს არ შეიძლება, რადგან ამისთვის კარგი ამინდების ციკლია საჭირო.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ