იტალიაში შესაძლოა, McDonald's-ი დააჯარიმონ

იტალიის ანტიმონოპოლიურმა სააგენტომ (AGCM), შესაძლოა, სწრაფი კვების რესტორნების ამერიკული ქსელი, McDonald's დააჯარიმოს. Reuters-ის ექსკლუზივით, მარეგულირებლები იმ საჩივრებს სწავლობენ, რომლებიც McDonald's-ის მხრიდან ფრენჩაიზების ოპერატორებთან ხელშეკრულების პირობების დარღვევას ეხება.

თუ McDonald's-ს იტალიის ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევაში ბრალი დაუმტკიცდა, კომპანია, ჯარიმის სახით, გლობალური ბრუნვის 10%-ს გადაიხდის.

„ჩვენი მუშაობის სამართლიანობაში დარწმუნებული ვართ და მზად ვართ, სააგენტოსთან ვითანამშრომლოთ,“ - აცხადებენ McDonald's Italy-ში, რომლის შემოსავალმა გასულ წელს 19,2 მლრდ დოლარი შეადგინა.

წინასწარი მასალების გაცნობის შემდეგ, ანტიმონოპოლიურ სააგენტოში განმარტავენ, რომ ფრენჩაიზ-მაღაზიათა ოპერატორები McDonald's Italy-ზე ეკონომიკურად დამოკიდებული არიან.

„ფრენჩაიზური ხელშეკრულებების მუხლებს, რომელსაც მოსაჩივრეები ეყრდნობიან, McDonald's შესაძლოა, ეკონომიკური დამოკიდებულების მიზნით, ბოროტად იყენებდეს. ეს მუხლები ეხება ფასებს, სარეკლამო აქციებს, მარაგებს, ხარჯვით ნაწილს, შესყიდვებსა და ფინანსურ მენეჯმენტს,“ - ნათქვამია გამოძიების დაწყების 13-გვერდიან დოკუმენტში, რომელიც 4 აგვისტოთი თარიღდება.

იტალიის ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა კომპანიას უკრძალავს, მძიმე ან დისკრიმინაციული სახელშეკრულებო პირობებით, ბოროტად გამოიყენოს სხვა კომპანიის ეკონომიკური დამოკიდებულება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს უკანასკნელი სიცოცხლისუნარიან ალტერნატივას ვერ პოულობს.

ფრენჩაიზინგი McDonald's-ისთვის მნიშვნელოვანი ბიზნეს-მოდელია, რადგან მისი სავაჭრო ობიექტების 85%-ს ფრენჩაიზები ოპერირებენ. იტალიაში კომპანიას 615 რესტორანი აქვს, რომლის, ასევე, 85% McDonald's-ის საკუთრება არ არის.

„მიუხედავად იმისა, რომ გამოძიების დეტალები ჩვენთვის ჯერ ცნობილი არ არის, ჩვენ იტალიის ანტიმონოპოლიურ სააგენტოსთან თანამშრომლობისთვის გახსნილი ვართ და ვაგრძელებთ მუშაობას ქვეყნის ეკონომიკის მხარდაჭერისა და მეწარმეობის სტიმულირებისთვის,“ - ნათქვამია McDonald's Italy-ს განცხადებაში.

კომპანიას გამოძიების კითხვებზე პასუხის გასაცემად, მარეგულირებლების უწყების მისვლიდან, 60 დღე აქვს. გამოძიება მომავალი წლის 31 დეკემბამდე უნდა დასრულდეს. ანტიმონოპოლიური სააგენტოს თვალთახედვის ქვეშ McDonald's Italy მარტში მოექცა, როცა სამმა ფრენჩაიზერ-ოპერატორმა ქირის, შრომითი ანაზღაურების, ინვესტიციების მოცულობისა და გაყიდვების პოლიტიკის შესახებ მარეგულირებელ სამსახურში საჩივარი შეიტანა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ