დასახელება “ბორჯომი“ „საქპატენტის“ მიმართვის საფუძველზე ჩინეთში დარეგისტრირდა და საქართველოს თანხმობის გარეშე ამ დასახელების გამოყენება აიკრძალება

ქართული ადგილწარმოშობის დასახელება “ბორჯომი“, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის, „საქპატენტის“ მიმართვის საფუძველზე ჩინეთში დარეგისტრირდა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანხმობის გარეშე, ამ დასახელების გამოყენება აიკრძალება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქპატენტმა აცნობა.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, „საქპატენტმა“ ჩინეთის სასაქონლო ნიშნების დავების განმხილველ უწყებაში საჩივარი მას შემდეგ შეიტანა, რაც აღმოაჩინეს, რომ ქართული მინერალური წყლის დასახელება „ბორჯომი“ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში არაკეთილსინდისიერი განზრახვით იყო რეგისტრირებული ჩინური კომპანიის სახელზე.

„ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ქართული ადგილწარმოშობის დასახელება “ბორჯომი“, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ მიმართვის საფუძველზე დარეგისტრირდა. ამიერიდან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანხმობის გარეშე, ადგილწარმოშობის დასახელება „ბორჯომის“ გამოყენება აიკრძალება.

ადგილწარმოშობის დასახელებების დაცვა, როგორც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ისე სხვა ქვეყნებში, ხელს უწყობს ქართული დასახელებების უკანონო გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლას და მათი რეპუტაციის დაცვას.

ქართული მინერალური წყლის დასახელება „ბორჯომი“ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში არაკეთილსინდისიერი განზრახვით იყო რეგისტრირებული ჩინური კომპანიის სახელზე. საქპატენტმა ჩინეთის სასაქონლო ნიშნების დავების განმხილველ უწყებაში ჩინური კომპანიის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა და აღნიშნული რეგისტრაციების გაუქმება მოითხოვა. ქართულ მხარესა და ჩინურ კომპანიას შორის არსებული დავა ქართული მხარის სასარგებლოდ გადაწყდა და „ბორჯომის“ დასახელებაზე განსაკუთრებული უფლება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიენიჭა“, - ნათქვამია „საქპატენტის“ განცხადებაში.