შაქრის ფასი ბოლო 4 წლის მაქსიმუმამდე გაიზარდა

ნიუ იორკის სასაქონლო ბირჟაზე, შაქრის ნედლეულზე ფიუჩერსული ფასები, ბოლო ოთხი წლის მაქსიმალურ მაჩვენებლამდე გაიზარდა. ეს იმ ფონზე ხდება, როცა ბაზარი ბრაზილიაში შაქრის ლერწმის მოსავლის მკვეთრ კლებას ელის. თავის მხრივ, ამის მიზეზი გვალვებია, რასაც წინ პლანტაციების მოყინვა უძღოდა.

გადაუმუშავებელ შაქარზე ოქტომბრის კონტრაქტები 3.0 პროცენტით, გირვანქაში 19.03 ცენტამდე გაიზარდა. სავაჭრო კვირის დასაწყისში, გირვანქა შაქრის ფასი 19.10 ცენტამდე იყო ასული, რაც 2017 წლის მარტის შემდეგ, რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია.

„წელს პირველ რიგში, ის ლერწამი უნდა ავიღოთ, რომელსაც მოყინვა შეეხო. ეს არაოპტიმალურ მოსავალს გამოიწვევს. მომავალ წელს კი მოსავალზე ახალგაზრდა ლერწმის გამოშრობა იმოქმედებს“, - ნათქვამია შაქრის საერთაშორისო ორგანიზაციის მოხსენებაში.

შაქრის სექტორის ბრაზილიური ორგანიზაცია UNICA მალე გამოაქვეყნებს ანგარიშს, რომელიც ივლისის მეორე ნახევარში მოსავლის შემცირებას გვამცნობს. ამ მოლოდინის ფონზე, ტონა რაფინირებული შაქრის ფასი 2.4 პროცენტით, 461.20 დოლარამდე გაიზარდა.

შაქრის გარდა, სხვა სასოფლო კულტურებზე განსხვავებული სიტუაციაა. კაკაოს დეკემბრის ფიუჩერსი 0.5 პროცენტით, 2 493 დოლარამდე გაიზარდა, ყავის სექტემბრის კონტრაქტი 0.1 პროცენტით, გირვანქაში 1.791 დოლარამდე შემცირდა.