სტარტაპერობა ყველას გზა ვერ იქნება, მაგრამ ყველას შეუძლია გახდეს ანტრეპრენერი, ამ სიტყვის უფრო ფართო გაგებით. ამის მისაღწევად მნიშვნელოვანია კარგი მასწავლებელი-მენტორი და ინოვაციების ხელშემწყობი სასწავლო პროცესთან კარგად ინტერგირებული ეკო-სისტემა. კომპანია Wizard-ის დამფუძნებელი, „ტერა ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს მოქმედი წევრი და „თიბისი ლიზინიგის“ ყოფილი დირექტორი ნანა მიქაშავიძე, რომელიც „თბილისის ღია უნივერსიტეტის“ ბიზნესის სკოლის დეკანი სულ ახლახან გახდა, გვიზიარებს თავისი შთამბეჭდავი კარიერის განმავლობაში დაგროვილ ცოდნასა და გამოცდილებას, რა არის საჭირო წარმატების მისაღწევად, რატომ არის ინოვაციური ბიზნეს მოდელები უფრო პერსპექტიული, ვიდრე ტრადიციული ბიზნეს მოდელი და როგორ შევქმნათ ის.
დღეს, როგორც არასდროს, მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში ანტრეპრენერობა პრესტიჟულ და საინტერესო საქმედაა აღიარებული. თქვენი შეფასებით, საქართველოში აღნიშნული საქმიანობა რა გამოწვევებთანაა დაკავშირებული?
საქართველოში, როგორც ყველგან, ანტრეპრენერობა საკმაოდ მოთხოვნად მიმართულებად მიიჩნევა. ძირითად გამოწვევად კი ამ მიმართულებით დაინტერესებული ადამიანებისთვის შესაბამისი ცოდნის მიცემა და საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებაში დახმარება რჩება. ბევრ ახალგაზრდას (და არამხოლოდ) ნამდვილად აქვს საინტერესო, ინოვაციური იდეა, მაგრამ მის სრულყოფილად განხორციელებას საკმარისი ხელშეწყობის არ არსებობის, შესაბამისი კონტაქტების არქონის ან უბრალოდ, სრულყოფილი ინფორმაციის ან ცოდნის ვერმოპოვების გამო, ხშირად ვერ ახერხებს. ასევე, შეზღუდულია დაფინანსების ის წყაროებიც, რაც ამ ეტაპზე სტარტაპერებისთვის არსებობს. ნდობა ამ ადამიანების მიმართ და მათთვის საწყისი კაპიტალის მოძიებაში დახმარება, მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ იდეები რეალურ ბიზნესებად იქცეს.
რა ცოდნა და უნარები სჭირდება ანტრეპრენერს, რომ თავისი წამოწყება სწორად განავითაროს და გახდეს კონკურენტული?
ანტრეპრენერი უნდა იყოს მიზანდასახული და გამბედავი. თუკი მიგვაჩნია, რომ მზად ვართ შევქმნათ რაღაც ახალი და ამისთვის ვდგამთ საინტერესო ნაბიჯებს, მაშინ ეს სფერო სწორედ რომ ჩვენთვისაა. მომავალი ანტრეპრენერი მზად უნდა იყოს გამოწვევისთვის, უნდა ეცნობოდეს მუდმივად ბაზრის მოთხოვნებს და უნდა ჰქონდეს ინტერესი, რომ რაღაც მოთხოვნადი შექმნას. თუმცა იმისათვის, რომ შენი გამბედაობა წარმატების საწინდარი გახდეს და არა წარუმატებლობის, კონკრეტული ნაბიჯის გადადგმამდე უნდა შეგეძლოს რისკების შეფასება, რისთვისაც აუცილებელია კონკრეტული დისციპლინების ცოდნა. მაგალითად, იმისათვის, რომ სწორად შეაფასო, რამდენად შეესაბამება შენი პროდუქტი შენ მიერ არჩეულ ბაზარსა თუ სეგმენტს, უნდა შეგეძლოს ამ ბაზრის საფუძვლიანი კვლევა, მიღებული შედეგების ანალიზი და შემდგომ სწორი პოზიციონირება, რასაც მარკეტინგის პრინციპებისა და კვლევების სპეციფიკის ცოდნა სჭირდება; ფინანსური გადაწყვეტილებების მისაღებად აუცილებელია იცოდე ის ძირითადი პრინციპები ფინანსებში, რაც სწორ გადაწყვეტილებებს მიგაღებინებს და ა.შ. ასე რომ, მხოლოდ შესაბამისი უნარ-ჩვევებისა და საჭირო ცოდნის სინთეზით გახდება ადამიანი წარმატებული ანტრეპრენერი.
შესაძლებელია თუ არა აღნიშნული უნარების საქართველოში სრულყოფილად შეძენა და რა მეთოდებით?
აღნიშნული უნარების შეძენა ნამდვილად შესაძლებელია, რასაც არაერთი ფაქტი და კვლევა მოწმობს. ჩვენი ბიზნეს სკოლის პროგრამების მიზანია, მოამზადოს განვითარებაზე ორიენტირებული, ანტრეპრენორული აზროვნებისა და გლობალურად კონკურენტუნარიანი ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხის მქონე სტუდენტები. როგორც სამაგისტრო, ასევე საბაკალავრო პროგრამაში, თითქმის ყველა საგანს გასდევს პრაქტიკული კომპონენტი, რომელიც სწორედ საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებისკენ არის მიმართული. ბაკალავრიატის სტუდენტები პირველივე კურსიდან სწავლობენ ანტრეპრენერობას, როგორც ცალკეულ საგანს და ვალდებულება აქვთ, შექმნან მინი ბიზნესი, რაც მათ ერთი მხრივ, სფეროს სპეციფიკაში სიღრმისეულად ჩაახედებს და მეორე მხრივ, გამოუმუშავებს საჭირო უნარ-ჩვევებს. გარდა ამისა, აკადემიური პერსონალის უმრავლესობა ბიზნესის სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პრაქტიკოსები არიან, რომლებიც თეორიული ცოდნის მიცემასთან ერთად, პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე აუხსნიან სტუდენტებს, თუ რა ტიპის მიდგომები და ქცევები ამართლებს, რაც სწორი ხედვებისა და უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია.
რა როლი შეიძლება ჰქონდეს თანამედროვე უნივერსიტეტს ანტრეპრენერების ხელშეწყობაში?
იმისათვის, რომ უნივერსიტეტმა ხელი შეუწყოს ანტრეპრენერობის განვითარებას, საჭიროა, სტუდენტებს შესთავაზოს, როგორც მენტორინგი ამ მიმართულებით, ასევე ბიზნეს იდეების განხორციელებისთვის საჭირო საწყისი კაპიტალის მოზიდვის გზები. ჩვენი უნიკალურობაც სწორედ ამაშია: „თბილისის ღია უნივერსიტეტის“ ბაზაზე იქმნება ინკუბატორიც და აქსელერატორიც და თავად უნივერსიტეტში არსებული Endowment ფონდი დააფინანსებს ბიზნეს იდეების განვითარებას, რაც გვჯერა, რომ საქართველოს ბაზარზე ბევრი ახალი წარმატებული ბიზნესის წამოწყებას შეუწყობს ხელს.
ცოტა გამოცდილება სტარტაპებთან დაკავშირებითაც გაგვიზიარეთ. როგორ ფიქრობთ, რატომ სურს უფრო მეტ ახალგაზრდას, ჰქონდეს თავისი საქმე, მოიფიქროს ინოვაციური იდეა და დაიწყოს სტარტაპი და რა არის ამისთვის საჭირო?
ჩვენ ძალიან სწრაფად ცვალებად გარემოში ვცხოვრობთ. თუკი სულ მცირე ხნის წინ ოფისებში გვიწევდა მეტწილად დიდი დროის გატარება, დღეს არსებული რეალობიდან გამომდინარე, უფრო მოთხოვნადი ხდება დისტანციურად მუშაობა. ამ მიმართულებით არსებულმა ტენდენციებმა განაპირობა ისიც, რომ დღესდღეობით საკუთარი ბიზნესის წამოწყებაზე და თავისი იდეის განხორციელებაზე უფრო მეტი ადამიანი ფიქრობს. მოდიან ახალი თაობები სამუშაო ბაზარზე, ახალი ღირებულებებით და მოთხოვნებით (Generation Z), რომელთათვის თვისუფლება, შემოქმედებითობა, მოქნილობა და გამოცდილება ბევრად უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე მატერიალური კეთილდღეობა და უსაფრთხოება. მსოფლიო მასშტაბით არსებული უამრავი დიდი კომპანია წლების წინ სწორედ პატარა სტარტაპს წარმოადგენდა. შესაბამისად, იდეის სწორად განვითარების შემთხვევაში ნებისმიერ სტარტაპს აქვს პოტენციალი იქცეს მასშტაბურ, მომგებიან ბიზნესად. ამისთვის კი, საჭიროა მეტი გაბედული ადამიანი და მეტი ინოვაციური იდეა. სწორედ ამიტომ ვფიქრობთ, რომ თბილისის ღია უნივერსიტეტი იქნება საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა სტარტაპერებისა და ანტრეპრენერების წინსვლას.
შესაძლებელია თუ არა ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის სტუდენტმა მიიღოს ანტრეპრენერისთვის ან სტარტაპერისთვის პრაქტიკული ცოდნა და რა სახით?
რა თქმა უნდა, სწორედ ეს არის ჩვენი მთავარი ნიშა. ჩვენი სტუდენტები სწავლების დროს აქცენტს გააკეთებენ პრაქტიკულ ნაწილზე: იქმნება ლაბები, აქსელერატორები, ფონდი, რომელიც ყველანაირად ორიენტირებული იქნება სტუდენტების მენტორინგსა და იდეების დაფინანსება/ხელშეწყობაზე. ასევე, ჩვენ გვჯერა, რომ მიუხედავად აკადემიური მოსწრებისა, ის, რაც დღევანდელ კურსდამთავრებულებს ნებისმიერი უნივერსიტეტიდან აკლიათ, არის იმ უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა, რაც საჭიროა არსებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად. როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ ანტრეპრენერობაზე. ამიტომ, გარდა იმისა, რომ გვექნება მიზანმიმართული პროგრამული კურსები, რომელიც საშუალებას მისცემს მომავალ ანტრეპრენერს იფიქროს პრაქტიკულად, ასევე მათ ხელს შევუწყობთ საკუთარი იდეების განხორციელებასა და წინსვლაში. ანტრეპრენერობა, როგორც პროფესია, შეიძლება ყველასთვის არ იყოს, მაგრამ ანტრეპრენერობა, როგორც უნარი და მსოფლმხედველობა არის ის, რის გარეშეც თანამედროვე კომპლექსურ სამყაროში წარმატების მიღწევა ძალიან რთული იქნება.
დაბოლოს, თქვენ ცოტა ხნის წინ დაინიშნეთ „თბილისის ღია უნივერსიტეტის“ ბიზნესის სკოლის დეკანის პოზიციაზე. რა ხედვა და გეგმები გაქვთ როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო პროგრამების განვითარების კუთხით?
უნდა აღინიშნოს, რომ პროგრამის ცვლილებასთან ერთად, აკადემიური პერსონალის განახლებაც უნივერსიტეტში მიმდინარე მნიშვნელოვანი სიახლეების ნაწილია. „თბილისის ღია უნივერსიტეტისთვის“ მნიშვნელოვანი იქნება, რომ ჩვენმა თითოეულმა სტუდენტმა გამოავლინოს პრაქტიკული უნარები და რეალურად განახორციელოს დაგეგმილი თუ ახალი იდეა. ჩემი ხედვით, აუცილებელია, განათლების სფერო კიდევ უფრო მეტად დაახლოვდეს ბიზნესთან, მეტი ყურადღება მიექცეს იმ გამოწვევებსა და მოთხოვნებს, რაც დღეს შრომის ბაზარზე არსებობს. გარდა ამისა, უნივერსიტეტს უნდა ჰქონდეს გრძელვადიანი ხედვები და იგი აუცილებლად გლობალური ტენდენციებიდან უნდა მომდინარეობდეს. ჩემი, როგორც დეკანის და როგორც ბიზნესის სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ადამიანის მიზანსაც სწორედ ეს წარმოადგენს: „თბილისის ღია უნივერსიტეტის“ ბიზნეს სკოლა და განახლებული პროგრამა გახდეს მაქსიმალურად მოქნილი და აუცილებლად შეესაბამებოდეს თანამედროვე შრომითი ბაზრის მოთხოვნებს. ჩემთვის, როგორც დეკანისთვის, მნიშვნელოვანია, რომ ბიზნეს სკოლის კურსდამთავრებულები იყვნენ ანტრეპრენერული აზროვნების, სიახლეებისთვის ღია ახალგაზრდები, რომლებიც გლობალურად იქნებიან კონკურენტუნარიანები.