გერმანიაში არავაქცინირებულებს უფასო ტესტებს აღარ მისცემენ

გერმანიის მთავრობა 11 ოქტომბრიდან კორონავირუსის ტესტებს უფასოდ აღარ გასცემს მათთვის, ვინც აცრაზე უარს ამბობს. ეს გადაწყვეტილება ფედერალური მიწების ხელმძღვანელებთან გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის შეხვედრის დროს მიიღეს. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

„უფასო ტესტებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გერმანიაში კორონავირუსის პანდემიის მესამე ტალღის შესაჩერებლად და მოქალაქეებს ყოველდღიურ ცხოვრებაში დამატებითი რწმენა მიანიჭა. ვინაიდან ყველა მოქალაქეს ვაქცინასთან წვდომა აქვს, სახელმწიფო 2021 წლის 11 ოქტომბრიდან ტესტების ხარჯებს თავის თავზე აღარ აიღებს,” - ნათქვამია ოფიციალური პირების გადაწყვეტილებაში, რომლის მიზანიც ვაქცინაციისთვის ხალხის წახალისებაა.

კოვიდტესტები უფასო იქნება მხოლოდ ორსული ქალების, ბავშვებისა და 18 წლამდე ასაკის არავაქცინირებული მოზარდებისთვის. გერმანიაში მოზარდების ვაქცინაცია დაწყებულია. ჯანდაცვის მინისტრ იენს სპანის მონაცემებით, 12-დან 17 წლამდე მილიონზე მეტმა მოქალაქემ კორონავირუსის ვაქცინის პირველი დოზა უკვე მიიღო, რაც ამ ასაკის მთლიანი მოსახლეობის, დაახლოებით, 22.5%-ია.

მთავრობა და ფედერალური მიწების მმართველები, ასევე, შეთანხმდნენ, რომ არავაქცინირებულმა პირებმა უარყოფითი კოვიდტესტი მხოლოდ იმ შემთხვევაში არ უნდა წარმოადგინონ, თუ ახალ ინფექციათა კუმულაციური შვიდდღიანი მაჩვენებელი კონკრეტული არეალის 100 000 მოსახლეზე 35-ს არ აღემატება. თუ ეს მაჩვენებლი მაღალია იქნა, არავაქცინირებულებს უარყოფითი ტესტის წარდგენა დასასვენებელ ადგილებზე, კვების ობიექტებზე, საზოგადოებრივ ღონისძიებებსა და სპორტულ, სამედიცინო და სოციალურ დაწესებულებებში მოუწევთ.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ