თამარ გაბუნიას განცხადებით, ეპიდვითარების გამო გაუქმდება ისეთი სოციალური თავყრილობა და კონცერტები, რაც აუცილებელი არ არის

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების გამო, გაუქმდება ისეთი სოციალური თავყრილობა და კონცერტები, რაც აუცილებელი არ არის.

როგორც გაბუნია აღნიშნავს, დაილუქა რამდენიმე ობიექტი, რომელიც ეპიდვითარების გამო დაწესებულ რეგულაციებს არ იცავდა.

„პრევენციის კუთხით ორი რამ არის მნიშვნელოვანი - ერთი ის, რომ პირბადე გამოვიყენოთ, მეორე - სოციალური დისტანცირება და მობილობის კონტროლი. მობილობის კონტროლისთვის ის, რაც ბოლოს, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით შევიდა ძალაში, ქორწილების და დიდი სოციალური ღონისძიებების შეზღუდვის კუთხით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია. მიმდინარე კვირაში, შრომის ინსპექტირების სამსახური ძალიან აქტიურად მუშაობს სამართალდამცავებთან ერთად. რამდენიმე შემთხვევა იყო, რომ ჯარიმა კი არა, დალუქვაზე მიდგა საქმე კონკრეტული ობიექტის, რომელიც ამ წესებს არ იცავს.

ბევრი ღონისძიება უქმდება, რომელიც დაგეგმილი იყო, მათ შორის, კონცერტი, ნებისმიერი სოციალური თავყრილობა, რაც არ იყო აუცილებელი, რომ ჩატარებულიყო. ეს ყველაფერი უქმდება. რაც ჩატარდება, ჩატარდება აუცილებლად წესის დაცვით. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ საარჩევნო კომისიასთან იმისთვის, რომ არჩევნების პროცესისთვის მზად ვიყოთ“, - აღნიშნავს გაბუნია.