ეგვიპტის მთავრობა 5 და 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების ნომრებს აიაფებს

ეგვიპტის 4 და 5-ვარსკვლავიან სასტუმროებში 1-ლი ნოემბრიდან მინიმალური ფასები დაწესდება, რომ სტუმრების მომსახურების მაღალი დონე იქნეს უზრუნველყოფილი. ასეთი გადაწყვეტილება ქვეყნის მთავრობამ მიიღო, რაც ბრიფინგზე ტურიზმის მინისტრ ხალედ ალ ანანიმ გაახმიანა.

"ხუთვარსკვლავიან სასტუმროებში ერთ ადამიანზე ფასი, მინიმუმ, 40 დოლარი, ოთხვარსკვლავიანში კი 28 დოლარი იქნება. ეს მოგვცემს საშუალებას, სასტუმროების მმართველებს შორის არალეგალური კონკურენცია დავძლიოთ, რომლებიც ფასებს ამცირებენ და ტურისტებს არასაკმარისად კარგ მომსახურებას სთავაზობენ. ჩვენ ორი თვის წინ სასტუმროებში სპეციალური კომისიები შევაგზავნეთ, რათა მომსახურების დონე და გაცხადებულ ვარსკვლავიანობასთან მათი შესაბამისობა გადაგვემოწმებინა,“ - აცხადებს მინისტრი.

მისი თქმით, მთავრობა ტურიზმის ინდუსტრიასა და ავიაკომპანიებს, ბიზნესის სწრაფად განახლების მიზნით, საგადასახადო და სხვა შეღავათებს სთავაზობს.

„მაგალითად, სამოქალაქო ავიაციის სამინისტრომ აეროპორტში თვითმფრინავების მომსახურების საფასური 20-50%-ით შეამცირა, ხოლო საავიაციო საწვავის ფასში დოლარზე 15- ცენტიანი ფასდაკლება დააწესა. ეს შეღავათები მთელი ზამთრის სეზონზე, მომავალი წლის აპრილამდე იმოქმედებს და მათ უკვე ყველა ავიაკომპანია იყენებს, რომელსაც ტურისტები ჰურგადაში, შარმ ელ შეიხსა და მარსა ალამში ჩამოყავს,“ - აცხადებს ხალედ ალ ანანი.

მან ხაზი გაუსვა, რომ ყველა ამ პროგრამის მიზანია, რაც შეიძლება, მეტი უცხოელი ტურისტი მიიზიდონ ეგვიპტეში. მინისტრის თქმით, მალე დაიწყება შიდა რეისებიც კურორტ ჰურგადასა და შარმ ელ შეიხს, ასევე, პოპულარულ ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს შორის, როგორიცაა ლუქსორი, აბუ სიმბა და ასუანი. ორმხრივი ბილეთი, დაახლოებით, 99 დოლარი ეღირება და ზღვაზე ჩასული ტურისტები ღირსშესანიშნაობების სანახავად გადაფრენასა და სასტუმროში დაბრუნებას ერთ დღეში შეძლებენ.

„აქამდე ტურისტებს ლუქსორის მოსანახულებლად გრძელი საექსკურსიო სერვისის შეძენა უწევდათ, რაც მათთვის მართლაც პრობლემას წარმოადგენდა. შიდა ფრენები სტუმრებს ეგვიპტის ცნობილი ძეგლების მონახულებას გაუადვილებს," - აცხადებს ტურიზმის მინისტრი.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ