თბილისის მერია 13 ოჯახს საცხოვრებელ ფართებს 1 ლარად გადასცემს, 36 ოჯახს კი, ბინის საკუთრების  დამადასტურებელი მოწმობა გადაეცემა

დღეს თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე გამოგვაქვს ფართების სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაცემის საკითხი 13 ოჯახისთვის, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, დღესვე გლდანის რაიონში მცხოვრებ 36 ოჯახს ბინის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა გადაეცემა.

„2017 წელს ჩემი საარჩევნო დაპირება იყო ბინების დაკანონების პროექტის განხორციელება, რომელიც მართლაც წარმატებით მიმდინარეობს. ძალიან მიხარია, რომ 2 ათასამდე ოჯახი გავაბედნიერეთ. ეს პროგრამა წარმატებით გრძელდება. ჩვენ გასულ კვირას საცხოვრებელი ფართების სიმბოლურ ფასად-ერთ ლარად დედაქალაქში მცხოვრებ 20 ოჯახს გადავეცით, დღეს კი თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე გამოგვაქვს ფართების სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაცემის საკითხი 13 ოჯახისთვის, მათგან 11 ოჯახი დიდუბის რაიონში ცხოვრობს, ერთი ოჯახი სამგორის რაიონში, ხოლო ერთი გლდანის რაიონში. გარდა ამისა, დღეს გლდანის რაიონში მცხოვრებ 36 ოჯახს გავახარებთ და მათ საკუთრების დამადასტურებელ მოწმობებს გადავცემთ“, - განაცხადა კალაძემ.

მის თქმით, თბილისის მერია აღნიშნულ პროექტს მომდევნო წლების განმავლობაშიც გააგრძელებს.

„ვისაც ანალოგიური პრობლემა აწუხებს, სახელმწიფო შენობა-ნაგებობებში ცხოვრობს უკვე ათეული წლებია და ვერ ახერხებს დაკანონებას, აუცილებლად უნდა მიმართონ იმ რაიონის გამგეობას, სადაც ცხოვრობენ. ყველა ინფორმაციას მოგაწვდიან იმასთან დაკავშირებით, თუ რა დოკუმენტაციაა შესაგროვებელი, რომ შემდეგ ეს ყველაფერი მუნიციპალიტეტში იყოს წარმოდგენილი და ჩვენ მივიღოთ გადაწყვეტილებები“, - აღნიშნა კალაძემ.