ბოლო 12 თვის განმავლობაში თურქეთიდან ახალი ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტმა 3 მლრდ დოლარს გადააჭარბა და რეკორდულ დონეს მიაღწია. ამის შესახებ სააგენტო Anadolu-ს ეგეოსის რეგიონის ახალი ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა, ჰაირეტინ უჩაკმა განუცხადა.
მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში თურქეთიდან ახალი ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტი, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 20%-ით, 1,638 მლრდ დოლარამდე გაიზარდა.
თურქეთის ამ სექტორის პროდუქტების წამყვან იმპორტიორად კვლავ რუსეთი რჩება, სადაც 7 თვის განმავლობაში 527 მლნ დოლარის პროდუქცია შევიდა. შემდეგ მოდის გერმანია 186 მლნ დოლარის იმპორტით, მესამე ადგილზე კი რუმინეთია, სადაც თურქთიდან იმპორტირებულმა ახალი ხილ-ბოსტნეულის პროდუქციამ 141 მლნ დოლარი შეადგინა.
საანგარიშო პერიოდში თურქეთიდან 220 მლნ დოლარის პომიდვრის, 183 მლნ დოლარის ბლისა და 148 მლნ დოლარის ლიმნის ექსპორტი განხორციელდა.
ჰაირეტინ უჩაკის მონაცემებით, 2020 წლის 31 ივლისიდან მიმდინარე წლის 1-ელ აგვისტომდე ახალი ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტმა 3 მლრდ დოლარს გადააჭარბა და რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია მაშინ, როცა 2019-2020 წლების ანალოგიურ პერიოდში, დაახლოებით, 2.528 მლრდ დოლარის ექსპორტი განხორციელდა.
საზღვარგარეთ ყველაზე მოთხოვნადი ხილ-ბოსტნეულის სიის სათავეში მანდარინია, რაც, ბოლო 12 თვის განმავლობაში, 454 მლნ დოლარის ოდენობით შეიტანეს, მეორე ადგილზე კი 336 მლნ დოლარის ექსპორტირებული პომიდორია. უჩაკის ცნობით, თურქეთი ახალი ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტს მსოფლიოს 150 ქვეყანაში ეწევა.
ამ სექტორში ბოლო 12 თვის წამყვან იმპორტიორად რუსეთი რჩება, სადაც 1,12 მლრდ დოლარის თურქული პროდუქცია შევიდა. რუსეთის შემდეგ გერმანიაა, 273 მლნ დოლარის იმპორტით, მესამე ადგილს კი ერაყი იკავებს, სადაც ერთ წელიწადში 255 მლნ დოლარის თურქული პროდუქცია შეიტანეს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ