ვის ეკუთვნის კომპანია, რომელმაც დედაქალაქში გარე რეკლამების განთავსებაზე 15-წლიანი უფლება მოიპოვა

დედაქალაქში გარე რეკლამების განთავსებაზე 15-წლიანი უფლება შპს „ალმამ“ მოიპოვა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, აუქციონში ორი დაინტერესებული სუბიექტი მონაწილეობდა. საბოლოოდ კი, 15-წლიანი უფლება ორ ლოტად - 34 მლნ ლარად გაიყიდა. შედეგად, აღნიშნულ აუქციონში გამარჯვებით, კომპანია „ალმამ“ გარე რეკლამის განთავსების 15-წლიანი უფლება მტკვრის ორივე სანაპიროზე მოიპოვა. აუქციონი მიმდინარე წლის გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში გამოცხადდა და საწყისი ღირებულება 32 მილიონი ლარი იყო.

რეესტრის მონაცემებით, „ალმას“ 100%-იანი წილი ოფშორში რეგისტრირებულ Meridian Malt-ს საკუთრებაშია. თუმცა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ცნობით, „Meridian Malta“-ს საბოლოო ბენეფიციარები ლევან ფხაკაძე (50% წილი) და სოსო ფხაკაძე (50% წილი) არიან. შეგახსენებთ, რომ „ალმა“ ფლობს შიდა რეკლამის განთავსების ექსკლუზიურ უფლებას თბილისის, ბათუმის და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებში. ასევე, 2019 წელს კომპანიამ შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ბალანსზე არსებულ ინფრასტრუქტურაზე (მეტროსა და ავტობუსებზე), მოძრავ დაუძრავ ქონებაზე არსებულ სარეკლამო ადგილებზე რეკლამის განთავსების 20 წლიანი ექსკლუზიური უფლებაც შეიძინა.

ამასთან, კომპანიის 2019 წლის ინდივიდუალური ფინანსური ანგარიშგების თანახმად, "ალმა" 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 130 779 828 ლარის აქტივებს ფლობდა, წლის მთლიანი სრული შემოსავალი კი - 11 799 184 ლარი იყო.

ცნობისთვის, აქამდე, 2009 წლის აუქციონის საფუძველზე, დედაქალაქში გარე რეკლამის განთავსების უფლებას ორი კომპანია ფლობდა. მტკვარის მარჯვენა სანაპიროზე, გარე რეკლამის განთავსების ნებართვა 2009 წელს თბილისის მერიამ „აუთდორ.ჯის“, ხოლო მტკვრის მარცხენა სანაპიროზე – „სმოდ ედვერთაისინგს“ გადასცა. აღსანიშნავია, რომ თავის მხრივ, შპს „აუთდორ.ჯი“ 2014 წელს გაიყიდა და მისი მფლობელი „ვისოლ ჯგუფის“ შვილობილი კომპანია შპს „ალმა“ გახდა. თბილისში შპს „ალმა“ და „აუთდორ.ჯი“ ბაზრის 70%-ზე მეტს ფლობს.

შეგახსენებთ, რომ გარე რეკლამის ბაზარზე არსებულ პრობლემებზე სარეკლამო სფეროში ჩართული კომპანიები, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია თუ პოლიტიკოსები უკვე წლებია საუბრობენ.

მათ შორის, 2018 წელს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ გამოაქვეყნა სარეკლამო ბაზრის შესახებ ანგარიში, რომლის თანახმადაც გარე რეკლამის ბაზარი ძირითადად, 2 კომპანიას შორის იყო განაწილებული და ორივე კომპანიის უკან ერთი და იგივე პირები დგანან. მათივე შეფასებით, საჭირო იყო კონკურენციის სააგენტოს შეესწავლა, ხომ არ ხდება კომპანიების მხრიდან დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება.

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს თბილისის გარე სარეკლამო ბაზარზე მოკვლევა დაიწყო კონკურენციის სააგენტომაც. კერძოდ, სააგენტომ მოკვლევა შპს „აუთდორ.ჯის“ მიერ დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების სავარაუდო ფაქტზე, შპს „ჯევერს დეველოპმენტის“ საჩივრის საფუძველზე დაიწყო.

აღნიშნული მოკვლევა ეხებოდა შპს „აუთდორ.ჯის“ მიერ ქალაქ თბილისში, მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, გარე რეკლამის განთავსების სანებართვო მომსახურების ბაზარზე განხორციელებული ქმედების კონკურენციის კანონმდებლობასთან შესაბამისობის ფაქტს. მოკვლევის შედეგად, შპს „აუთდორ.ჯის“ მიმართ დადგინდა დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტი. კომპანიას დაეკისრა კანონით გათვალისწინებული ფინანსური სანქცია და შესაბამის ბაზარზე კონკურენტული გარემოს გაჯანსაღების მიზნით, შესაბამისი რეკომენდაციაც მიეცა.

თაია არდოტელი