„ბიონტეკის“ ხარჯზე გერმანიის ეკონომიკა 0,5%-ით მოიმატებს

ეკონომისტების მოსაზრებით, კორონავირუსის ვაქცინის შემუშავებით და ადგილზე წარმოებით, კომპანია „ბიონტეკი“, ევროპის უდიდესი ეკონომიკის, გერმანიის ეკონომიკას 0.5 პროცენტით გაზრდის.

მოსალოდნელია, რომ წელს გერმანიის ეკონომიკა 4.0 პროცენტით გაიზრდება. შედარებისთვის, პანდემიით გამოწვეული ჩაკეტილობის გამო, შარშან ქვეყნის ეკონომიკა 4.6 პროცენტით შემცირდა. ასეთი პროგნოზი ნიშნავს, რომ მის მიერ შემუშავებული ვაქცინის წყალობით, „ბიონტეკი“ გერმანიის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდას, დაახლოებით მერვედი ნაწილით შეეწევა. ასეთი გათვლები მაკროეკონომიკური პოლიტიკის ინსტიტუტის კვლევების დირექტორს, დოქტორ სებასტიან დულიენს ეკუთვნის.

„ვერ ვიხსენებ სხვა მსგავს შემთხვევას, როდესაც ერთ კომპანიას, გერმანიის მშპ-ზე ასეთი გავლენა ჰქონდა“, - „როიტერთან“ საუბრისას ამბობს დულიენი.

ის დასძენს, რომ როგორც მაკრო ეკონომისტი, ის ჩვეულებრივ, ერთი კომპანიის საქმიანობის განხილვით არ არის დაკავებული. „მაგრამ ხანდახან არის იშვიათი შემთხვევები, როდესაც ინდივიდუალური კომპანიები მაკროეკონომიკაზე გავლენას ახდენენ. ასეთი იშვითი გამონაკლისი დღეს ბიონტეკია“, - დასძენს დულიენი.

მისი გათვლები, „ბიონტეკის“ შემოსავლების ბოლო სტატისტიკას ემყარება, რომლის შესაბამისადაც, კომპანიის შემოსავალი, წელს ვაქცინის წყალობით, 15.9 მილიარდ ევროს მიაღწევს. წინასწარი გათვლებით, შემოსავლის მოცულობა 12.4 მილიარდი ევროს მიაღწევდა.

დულიენი ამბობს, რომ ასეთი შემოსავალი, გერმანიის მშპ-ის დაახლოებით 0.5 პროცენტია. ცნობისათვის, 2020 წელს გერმანიის მთლიანი შიდა პროდუქტი 3.3 ტრილიონი ევრო იყო.