BBC ბლოკჩეინ-საიტის, Poly Network-ის საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ჰაკერებმა მისი სისტემის დაუცველობა გამოიყენეს და 600 მლნ დოლარის (433 მლნ ფუნტის) ციფრული ტოკენის გატაცება შეძლეს. გატაცებულია 267 მლნ დოლარის ეთერიუმი, 252 მლნ დოლარის Binance-ის მონეტები და 85 მლნ დოლარის USDC-ის ტოკენები.
„ეს ისტორიაში კრიპტოვალუტის ერთ-ერთი უდიდესი ძარცვაა,“ - იუწყება BBC, რომლის შეფასებით, ეს ძარცვა Coincheck-ისა და Mt Gox-ის ბირჟების ამასწინანდელ გატეხვას თავისი მასშტაბით არ ჩამოუვარდება.
Poly Network განცხადებას Twitter-ზე აქვეყნებს და ქურდებს მოუწოდებს, „კავშირზე გამოვიდნენ და გატეხილი აქტივები დააბრუნონ.“
„თქვენს მიერ მიტაცებული თანხის ოდენობა Defi-ს (დეცენტრალიზებული ფინანსების) ისტორიაში ყველაზე დიდია. ნებისმიერი ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოები ამას სერიოზულ ეკონომიკურ დანაშაულად ჩათვლიან და თქვენზე მასშტაბური ძიება დაიწყება. თქვენს მიერ მოპარული ფული კრიპტოსაზოგადოების ათობით ათას წევრს, ანუ ადამიანს ეკუთვნის,“ - ნათქვამია განცხადებაში.
ბლოკჩეინ-სისტემა მოუწოდებს სხვადასხვა ბირჟას, რომ მონეტების დეპოზიტები დაბლოკონ. ეს მოწოდება მას შემდეგ გაჩნდა, რაც ჰაკერებმა მილიონობით დოლარის ტოკენები კრიპტოვალუტის ცალკეულ საფულეებში გადარიცხეს.
Poly Network დეცენტრალიზებული ფინანსური, იგივე Defi-პროვაიდერია, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ერთი ბლოკჩეინის ტოკენები მეორე, განსხვავებულ ქსელში გადაიტანონ.
კველვითი კომპანია CipherTrace-ის ანგარიშის მიხედვით, წლის პირველ 7 თვეში, Defi-ს სექტორში თაღლითობით მიყენებულმა ზარალმა რეკორდულ დონეს, 474 მლნ დოლარს მიაღწია. თუმცა კრიპტოვალუტის საერთო ბაზარზე დანაშაულებრივი ქმედებებით გამოწვეულმა ზარალმა მკვეთრად მოიკლო და ეს მაჩვენებელი შარშანდელი 1,9 მლრდ დოლარიდან წელს 681 მლნ დოლარამდე შემცირდა. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2019 წელს დაფიქსირდა, როცა კრიპტოვალუტის საერთო ბაზარზე კრიმინალურმა ზარალმა 4,5 მლრდ დოლარი შეადგინა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ