Pepsi-ის ალკოჰოლური სასმელი დახლებზე მომავალ წელს გამოჩნდება

კომპანია Pepsi და ლუდის მწარმოებელი, Boston Beer ერთობლივი ალკოჰოლური სასმელის გამოშვებას გეგმავენ. CNBC-ის ცნობით, ახალი სასმელი ბაზარზე არსებული Pepsi-ის უშაქრო Mountain Dew-ის ალკოჰოლური ვერსია იქნება, რომელსაც „Hard Mtn Dew“ დაერქმევა. მასში ალკოჰოლის შემცველობა 5%-ით იქნება.

გარიგების თანახმად, ახალ ალკოჰოლურ სასმელს Boston Beer შეიმუშავებს და აწარმოებს, ხოლო Pepsi-მ ამ პროდუქტის გაყიდვის, მიწოდებისა და მარკეტინგისთვის ახალი სუბიექტი შექმნა. სავარაუდოდ, სასმელი დახლებზე 2022 წლის დასაწყისში გამოჩნდება. Hard Mtn Dew არომატული ალაოს კატეგორიის სასმელი იქნება.

ალკოჰოლური სასმელების ბაზარზე Pepsi-ს შესვლის შესახებ პირველი მინიშნება ოქტომბერში გაჩნდა, როცა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, რამონ ლაგუარტამ ანალიტიკოსებს განუცხადა, რომ ასეთ ნაბიჯს განიხილავს. ლაგუარტამ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც კონკურენტმა Coca-Cola-მ ამერიკელი მომხმარებლებისთვის ათწლეულების შემდეგ პირველი ალკოჰოლური სასმელის, Topo Chico Hard Seltzer-ის წარმოება დააანონსა. Coca ამას Molson Coors Beverage-თან თანამშრომლობის ფარგლებში აპირებს.

ამასთან, ივნისში Pepsi-მ სავაჭრო ნიშნის დარეგისტრირებაზე განაცხადი შეიტანა, რაც Rockstar-ის ბრენდით ლუდისა და მაგარი სელცერის გაყიდვას შეეხებოდა. კომპანია Pepsi რამდენიმე წელია, ცდილობს Mountain Dew-ის სახელი გაზიანი სასმელების ენერგეტიკული სასმელების კატეგორიაში შესატანად გამოიყენოს. წლის დასაწყისში კომპანიამ სასმელი Mtn Dew Rise Energy ჩაუშვა. Euromonitor-ის მონაცემებით, Mountain Dew-ს გაზიანი უალკოჰოლო სასმელების ბაზრის 7% უკავია და მე-5 ადგილზეა.

CNBC-ის შეფასებით, Boston Beer-ისთვის Pepsi-სთან თანამშრომლობა იმიტომაცაა მომგებიანი, რომ კომპანიას თავის პროდუქტებთან დაკავშირებით პრობლემები აქვს. ბოლო კვარტალში მაგარი სელცერის გაყიდვების პროგნოზმა პრაქტიკაში არ გაამართლა, რის შედეგადაც კომპანიის აქციები ერთ დღეში 26%-ით დაეცა, ლუდსახარშმა კი წლიური პროგნოზი შეამცირა.

ამასთან, ინდუსტრიის კვლევით IWSR-ის მონაცემებით, ზოგადად ლუდის ბაზარზე სირთულეებია. გასულ წელს ლუდის წარმოების მთლიანი მოცულობა 2,8%-ით შემცირდა, მიუხედავად იმისა, რომ ალკოჰოლური სასმელების საერთო მოხმარება ორი ათწლეულის ყველაზე მაღალ ნიშნულამდე გაიზარდა.

გუშინ Boston Beer-ის აქციები 2%-ზე მეტად დაეცა, ხოლო იანვრიდან დღემედე 32%-ით გაუფასურდა, რის შედეგადაც კომპანიის საბაზრო ღირებულებამ 8,2 მლრდ დოლარი შეადგინა. რაც შეეხება Pepsi-ს, გუშინდელ ვაჭრობაზე მისმა აქციებმა უმნიშვნელოდ მოიმატა, ხოლო წლის დასაწყისიდან 4%-ით გაიზარდა. კომპანიის საბაზრო ღირებულება 213,3 მლრდ დოლარია.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ