მორატორიუმი ისევ გახანგრძლივდა - როდიდან მოუწევთ მეღვინეებს „ხვანჭკარას“ მხოლოდ რაჭაში დაყენება

„ხვანჭკარას“ ადგილწარმოშობის ზონაში წარმოების დაწყება სავალდებულო 2021 წლიდან უნდა გამხდარიყო, თუმცა მორატორიუმის ვადა კვლავ 1 წლით გახანგრლივდა - ამის შესახებ ,,ბიზნესპრესნიუსთან“ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ ისაუბრა.

მისი თქმით, პანდემიასთან ერთად გადადების მიზეზი ისიცაა, რომ საკმარისად სწრაფი ტემპით არ განვითარდა რაჭაში ინფრასტრუქტურა.

,,კვლავ ერთი წლით გადაიწია მორატორიუმის ვადამ. ის, რასაც გვინდა მივაღწიოთ და ღვინო დამზადდეს ადგილზე, ისე რომ, ყურძენი არ წამოვიდეს რაჭიდან, უკვე მომავალი წლიდან დაიწყება და გადაწევის მიზეზები 2022-ში აღარ იარსებებს.

მორატორიუმის გახანგრძლივების მიზეზი პანდემიასთან ერთად იყო ის, რომ საკმარისად სწრაფი ტემპით არ განვითარდა რაჭაში ინფრასტრუქტურა ისე, რომ მოსალოდნელი მოსავალი ადგილზე წელსვე გადამუშავდეს“, - ამბობს ლევან მეხუზლა ,,ბიზნესპრესნიუსთან“.

შეგახსენებთ, რომ „ხვანჭკარას“ ადგილწარმოშობის ზონაში გადამუშავებასთან დაკავშირებით განცხადება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პირველად 2017 წელს გააკეთა. უწყების პოზიცია იყო, რომ „პოპულარობა, რომელიც ამა თუ იმ ბრენდს აქვს, იმ რეგიონს უნდა მოხმარდეს, სადაც ის იწარმოება“. მაშინვე ითქვა, რომ ღვინის გადამუშავება 2019 წლიდან დაიწყებოდა და შემდეგში მორატორიუმი მუდმივად 1 წლით იწევდა.

თამარ მუკბანიანი