„როცა ანაბარზე პროცენტი ნულამდე ჩამოდის, სესხის პროცენტი კი კვლავ მაღალია, ეს არის მეანაბრეების ძარცვა“

„როცა ანაბარზე პროცენტი ნულამდე ჩამოდის, სესხის პროცენტი კი კვლავ მაღალია, ეს არის მეანაბრეების ძარცვა,“ - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დეპუტატი, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„როცა “TBC ბანკში” და “საქართველოს ბანკში” ევროში განთავსებული ანაბრის წლიური პროცენტი არის ნული, ხოლო დოლარში ერთ პროცენტზე ნაკლები, ამით შანსი ეძლევა სხვა პატარა თუ საშუალო ბანკებს, გაუწიონ კონკურენცია ამ ორ დომინანტ ბანკს. რატომღაც არ ისმის მათი ხმა, იმათიც, რომლებიც ამ ორი ბანკისგან განსხვავებულ სარგებელს უკვე სთავაზობენ მომხმარებლებს. ასევე არ ცდილობენ აუხსნან მცირე მეანაბრეებს, რომ ქვეყანაში არსებობს დეპოზიტების დაზღვევის სისტემა და არა აქვს მნიშვნელობა, რომელ ბანკში განათავსებ ფულს, რისკი თანაბრად არის დაზღვეული გარკვეული რაოდენობის შენატანებზე. ეს ხელს შეუწყობს დეპოზიტების დივერსიფიკაციას და არ იქნებიან მეანაბრეები ორი ბანკის მძევლები, რომლებიც ერთმანეთთან არიან გარიგებულები, სინქრონულად მოქმედებენ და აზარალებენ ხალხს.

როცა ანაბარზე პროცენტი ნულამდე ჩამოდის, სესხის პროცენტი კი კვლავ მაღალია (ე.წ. სპრედი), ეს არის მეანაბრეების ძარცვა.

როცა ქვეყანაში ფასიანი ქაღალდების ბაზარი არ არსებობს და არც რაიმე სხვა საშუალებაა დანაზოგების განთავსების, მოქალაქეები იძულებული არიან გახდნენ ბანკების მძევლები. არა თუ მოქალაქეებს, არამედ სახელმწიფო საპენსიო ფონდსაც კი მთელი თავისი ფული ბანკებში აქვს განთავსებული, რადგან სხვაგან ვერსად დაუბანდებია.

როცა ეროვნული ბანკი და მთავრობა ანებივრებენ ბანკებს იაფი ფულით, მაშინ ფიზიკური და იურიდიული პირების დანაზოგები ბანკების ნადავლი ხდება. სხვაგან ხომ ვერსად გაიქცევიან.

დეპოზიტებზე ახლახან დაწესებული საპროცენტო განაკვეთებით მეანაბრეები შემოსავლის მიღების ნაცვლად ზარალობენ კიდევაც, რადგან არასტაბილური ლარის პირობებში იძულებული ხდებიან ლარში მიღებული შემოსავალი უცხოურ ვალუტაში გადაიყვანონ, რის გამოც ანაბრის პროცენტი ვერ ფარავს კონვერტაციის და ინფლაციის შედეგად წარმოქმნილ დანაკარგებს.

მოკლედ, ერთადერთი, რითაც შეიძლება ორი ხარბი ბანკი დასაჯო, პატარა ბანკებში ანაბრების გადატანაა, მაგრამ სჭირდებათ კი ეს მათ? იმდენად პატარაა მათი როლი საკრედიტო ბაზარზე, რომ ამ ფულის ურისკოდ განთავსებასაც ხომ მუშაობა უნდა?

სხვა გამოსავალი მაინც არ არის-ჯანსაღი კონკურეცია ქმნის ფულის სამართლიან ფასს. ეროვნული ბანკი კი, როგორც ამ სფეროში ანტიმონოპოლიური რეგულატორი, რომელიც ათასი მავნე რეგულირებითაა დაკავებული, იმაზე ხუჭავს თვალებს, რაც აშკარაა და რაც ორი მსხვილი ბანკის არაწესიერ კონკურენციულ ქცევაში გამოიხატება,“-წერს გოცირიძე.

თაია არდოტელი