პარკირების წესების 5 დარღვევა, რაზეც ყველაზე მეტი ჯარიმა იწერება - 3 წელიწადში თბილისში 18 მლნ ლარამდე ფულადი სანქციაა გამოწერილი

3 წელიწადში პარკირების წესების დარღვევაზე დედაქალაქის მასშტაბით, 18 მლნ ლარამდე მოცულობის ჯარიმაა გამოწერილი.

ამის შესახებ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მოწოდებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

კერძოდ, მათი ცნობით, 2018 წლის 10 აპრილიდან 2021 წლის 27 ივლისის ჩათვლით, ჯამში, შედგენილია 1 735 289 საჯარიმო ქვითარი. ჯარიმების თანხის ოდენობა კი - 17 965 610 ლარს შეადგენს.

შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ მიერ გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან ყველაზე ხშირია:

პარკირების ადგილზე სატრანსპორტო საშუალების პარკირებისთვის დადგენილი პარკირების საფასურის გადახდის გარეშე სატრანსპორტო საშუალების დგომა;

ამკრძალავი ნიშნის „გაჩერება აკრძალულია“ მოთხოვნის დაუცველობა;

თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი, სატრანსპორტო საშუალების პარკირების სხვა წესის დარღვევა;

იმ მოთხოვნათა დაუცველობა, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების გაჩერებას გზის სავალ ნაწილზე;

იმ მოთხოვნათა დაუცველობა, რაც გულისხმობს ტროტუარზე სატრანსპორტო საშუალების გაჩერებას.

თაია არდოტელი