სადაზღვევო კომპანების წმინდა მოგება, პანდემიური, 2020 წლის მაჩვენებელთან შედარებით, შემცირებულია

მიმდინარე წლის იანვარ-მარტში სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგებამ 13,5 მილიონი ლარი შეადგინა.

ამის შესახებ, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკაშია აღნიშნული.

აღსანიშნავია, რომ ამავე სტატისტიკით, სადაზღვევო სექტორის წმინდა მოგება, პანდემიურ 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 3.1 მლნ ლარით არის შემცირებული. კერძოდ, 2020 წლის 1-ელ 3 თვეში სექტორის მოგება - 16.6 მლნ ლარი იყო.

სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის 3 თვის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 233,2 მილიონი ლარი შეადგინა. მაშინ როცა, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში 211.1 მლნ ლარი იყო.

ამასთან, 2021 წლის საანგარიშო პერიოდში მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ 41 მილიონი ლარი შეადგინა. ოფიციალური მონაცემებით, სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა 1,012 მლრდ ლარს, ხოლო კაპიტალი 289,1 მილიონ ლარს შეადგენს.

2021 წლის 31 მარტის მდგომარეობით, რეგისტრირებულია 18 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.

თაია არდოტელი