Ebay პანდემიიდან გამოსვლის გამო აქტიური მყიდველების მკვეთრ შემცირებას მოელის

ელექტრონული კომერციის კომპანია Ebay ვარაუდობს, რომ მიმდინარე მესამე კვარტალის შემოსავალი ანალიტიკოსების პროგნოზებზე დაბალი იქნება, რადგან ეკონომიკის აღდგენა და სწრაფი ვაქცინაცია ონლაინ გაყიდვების პანდემიისდროინდელ ბუმს წერტილს დაუსვამს და ხალხი ჩვეულებრივ მაღაზიებს დაუბრუნდება.

მესამე კვარტალში Ebay 2,42-დან 2,47 მლრდ დოლარამდე შემოსავალს მოელის მაშინ, როცა Refinitiv-ის ანალიტიკოსები 2,92 მლრდ დოლარის შემოსავალს პროგნოზირებენ. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, ჯეიმი იანონე აცხადებს, რომ მართალია, გაზაფხულზე სახლებიდან ხალხის გარეთ გამოსვლამ გაყიდვებზე იმოქმედა, მაგრამ კომპანიის სტრატეგია ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა კოლექციონერობა, რეკლამები და გადახდები, კვლავ ძლიერია.

„ვგრძნობთ, რომ პანდემიიდან იმაზე სწრაფად გამოვდივართ, ვიდრე მასში შევედით,“ - აცხადებს ჯეიმი იანონე სააგენტო Reuters-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, თუ არ ჩაითვლება ის, რომ eBay-მ კორეული ბიზნესის, Shinsegae Group's E-Mart-ის 80% გაყიდა, კომპანია მეორე კვარტლის საკუთარ პროგნოზს დაეწია და გაუსწრო კიდეც. შემოსავალი 14%-ით, 2,68 მლრდ დოლარამდე გაიზარდა. თუმცა ეს ბოლო ოთხ კვარტალში ყველაზე ნელი ზრდაა. ანალიტიკოსები 3 მლრდ დოლარის შემოსავალს მოელოდნენ. კომპანიის გაყიდვების მთლიანი მოცულობა, რაც ვებ-გვერდებზე გაყიდული საქონლის ღირებულებას წარმოადგენს, 7%-ით, 22,1 მლრდ დოლარამდე შემცირდა. კომპანია მომავალ 12-თვიან პერიოდში აქტიური მყიდველების კიდევ უფრო შემცირებას მოელის.

Ebay-მ თითო აქციაზე კორექტირებული 99 ცენტი მოიგო, რაც ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ 95 ცენტზე მეტია. ამასთან, კომპანიამ აქციათა გამოსყიდვის პროგრამა 3 მლრდ დოლარამდე გაზარდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ