სემეკში „თელმიკოს“, „თელასისა" და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" დაჯარიმების საკითხს განიხილავენ

სემეკში „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიის“ („თელმიკო“), ასევე „თელასისა" და შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" დაჯარიმების საკითხს განიხილავენ.

სემეკ-ის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, „თელმიკომ" და „თელასმა" მათ მიერ დადგენილი წესები, ნორმატიული აქტები დაარღვიეს. ხოლო, რაც შეეხება „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს", როგორც ნარმანია აღნიშნავს, კომპანიის დაჯარიმების საფუძველი მრიცხველების ჩვენებების არარეგულარული წაკითხვაა.

„გამომდინარე იქიდან, რომ პირველი ივლისიდან თბილისში „თელასი" აღარ არის ელექტროენერგიის მიმწოდებელი და ახალი კომპანია „თელმიკო" აწვდის ენერგიას, მათ შორის, უნდა მომხდარიყო დღეების პროპორციულად, თანხების და მოხმარებული ენერგიის საფასურის დარიცხვა. მათი მხრიდან დარღვეული იქნა, სემეკის მიერ დადგენილი წესები, არაერთ სამუშაო შეხვედრაზე ჩვენ განვუმარტეთ, რა და როგორ უნდა გაეკეთებინათ ამ გარდამავალ პერიოდში, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ მათ ეს ქმედებები არ განახორციელეს, დაარღვიეს წესები, კომისია, ერთი მხრივ, გამოიყენებს ჯარიმას, მეორე მხრივ, კი დაავალებს მათ ზედმეტად დარიცხული თანხები დააკორექტირონ ჩვენი დადგენილი წესებით და ზედმეტობაში აუსახონ მომხმარებელს. რაც შეეხება „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაურს", მას, 2020 წლის ბოლოს არ ჰქონდა ყველა აბონენტის მრიცხველი წაკითხული, როდესაც ტარიფი გაიზარდა პირველი იანვრიდან, შესაბამისად, ძველი წაუკითხავი თვეების დარიცხვებიც მან მოახდინა გაზრდილი ტარიფებით, საიდან გამომდინარეც, მომხმარებლები დაზარალდნენ, მათ მოუწიათ უფრო მეტის გადახდა. ეს აბონენტების გარკვეულ ნაწილს ეხება და არა ყველას. ჩვენ, ამ შემთხვევაშიც დავაჯარიმებთ კომპანიას, შესაბამისად, დაევალება კორექტირების გაკეთება“, - აღნიშნავს ნარმანია.