NDI-ის კვლევა - მოსახლეობა მათთვის და მათი ოჯახებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებად სამუშაო ადგილებს, სიღარიბესა და ფასების ზრდას/ინფლაციას ასახელებს

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა“ და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, საქართველოს მოსახლეობას კვლავ აწუხებს ეკონომიკისა და ჯანდაცვის პრობლემები.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, რამდენიმეთვიანი პოლიტიკური კრიზისისა და კორონავირუსის პანდემიის მიმდინარე შედეგების ფონზე, საზოგადოება პესიმისტურად არის განწყობილი ქვეყნის მიმართულებისა და ინსტიტუტების საქმიანობის მიმართ.

მათი ინფორმაციით, მოქალაქეები არჩეული თანამდებობის პირებისგან მოსახლეობის საჭიროებებზე - ეკონომიკასა და სოციალურ პრობლემებზე - ორიენტირებული პოლიტიკის გატარებას ელიან.

„კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან ერთი წლის თავზე, ქვეყნის ეკონომიკის მდგომარეობა და კორონავირუსის გავლენა მოქალაქეებისთვის კვლავ მთავარ პრობლემებად რჩება. მოსახლეობა მათთვის და მათი ოჯახებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებად სამუშაო ადგილებს, სიღარიბესა და ფასების ზრდას/ინფლაციას ასახელებს, რაც პანდემიის ფონზე კიდევ უფრო გაუარესდა.

უმრავლესობა (68 პროცენტი) ამბობს, რომ პანდემიამდე პერიოდთან შედარებით, ნაკლები რაოდენობის პროდუქტის, სურსათისა და სერვისის შეძენის ფინანსური საშუალება აქვს. გარდა ამისა, მოსახლეობის თითქმის მეოთხედი ამბობს, რომ პანდემიის დაწყების შემდეგ მათ ან სამსახური დაკარგეს (8 პროცენტი) ან შემოსავალი/ხელფასი შეუმცირდათ (13 პროცენტი).

მოსახლეობის ყველაზე დიდი ჯგუფი ამბობს, რომ კვლავ უმუშევარია. მოქალაქეების 42 პროცენტი ფიქრობს, რომ კორონავირუსის პანდემიასთან მიმართებაში ყველაზე ცუდი ჯერ კიდევ წინ არის. თითქმის ნახევარი (45 პროცენტი) ამბობს, რომ საქართველოში ვაქცინაციის პროცესი ცუდად მიმდინარეობს. საყურადღებოა, რომ მოქალაქეების 42 პროცენტს ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით საკმარისი ინფორმაცია არ აქვს. ინფორმაციის ნაკლებობა განსაკუთრებით მაღალია სოფლის ტიპის დასახლებებში (47 პროცენტი). მოსახლეობის ნახევარზე მეტი ამბობს, რომ არ იცის თუ როგორ დარეგისტრირდეს საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ვაქცინაციის ონლაინ პლატფორმაზე. ეს მაჩვენებელი სოფლის ტიპის დასახლებებში 71 პროცენტია“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

კვლევის მიხედვით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიმართ სკეპტიციზმი კვლავ მაღალია.

„მხოლოდ 35 პროცენტი ამბობს, რომ აიცრებოდა, ხოლო 47 პროცენტი - არ აიცრებოდა.

ვაქცინის მიმართ სკეპტიციზმი ყველაზე მეტად 55 წლამდე მოსახლეობაში, თბილისისს გარეთ მცხოვრებ ადამიანებში და ეკონომიკურად ნაკლებად შეძლებულ მოქალაქეებში შეინიშნება. ვაქცინის მიმართ უარყოფითად განწყობილი ადამიანები მთავარ მიზეზებად ვაქცინის ხარისხსა (47 პროცენტი) და ვაქცინის ჯანმრთელობის პრობლემებთან შეუთავსებლობას ასახელებენ (20 პროცენტი).

“ვაქცინაციის პროცესის გამართულობა და მოსახლეობის ინფორმირებისთვის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების გამოყენება გადამწყვეტ როლს ითამაშებს იმაში, რომ ხელისუფლებამ ამ უმნიშვნელოვანესი მისიის შესრულება და საზოგადოებრივი ჯანდაცვის უზრუნველყოფა მოახერხოს. მოსახლეობაში ინფორმაციის ნაკლებობამ, შესაძლოა, შეაფერხოს ვაქცინაციის პროცესი და მოქალაქეებს საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში შეუშალოს ხელი”, - განაცხადა ალან გილამმა, NDI საქართველოს ოფისის დირექტორმა.

“ქვეყნის მმართველობის მიმართ საზოგადოების ნდობის აღდგენა ყველა პოლიტიკური ლიდერის, განსაკუთებით ხელისუფლების წარმომადგენლების პასუხისმგებლობაა. ამისათვის კი საზოგადოების წინაშე არსებული პრობლემების (როგორიცაა ეკონომიკა და ჯანდაცვა) გადაჭრის გზების მოძიებაა აუცილებელი. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების პრიორიტეტები არ განსხვავდება პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, რაც პოლიტიკური პარტიებისთვის ერთად მუშაობის შესაძლებლობას იძლევა.”

კვლევის მიხედვით, მოსახლეობის მხოლოდ მეოთხედი მიიჩნევს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება (23 პროცენტი) და მხოლოდ 35 პროცენტი ფიქრობს, რომ საქართველო დემოკრატიაა.

„აღნიშნული მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არის შემცირებული 2020 წლის აგვისტოსთან შედარებით; მაშინ მოსახლეობის 39 პროცენტი ამბობდა, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდებოდა, ხოლო 48 პროცენტი მიიჩნევდა, რომ ქვეყანა დემოკრატია იყო. მსგავსი ტენდენცია მთავრობის საქმიანობის შეფასებაშიც შეინიშნება: მოქმედი მთავრობის საქმიანობას დადებითად მხოლოდ მესამედი აფასებს, მაშინ როდესაც 2020 წლის დეკემბერში ეს რიცხვი 50 პროცენტს შეადგენდა. საზოგადოებას სურს, რომ მომდევნო ერთი წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტმა ეკონომიკაზე, ჯანდაცვასა და განათლებაზე გააკეთოს აქცენტი. სამწუხაროდ, მოსახლეობას არ სჯერა, რომ მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობა პარლამენტის პრიორიტეტია; საზოგადოების ნახევარზე მეტი (55 პროცენტი) ამბობს, რომ პარლამენტი მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე კანონებს არ იღებს, ხოლო 54 პროცენტი ფიქრობს, რომ თუ პარლამენტის წევრს მის დასახლებაში არსებული პრობლემის შესახებ ეტყვის, ის ამ პრობლემის მოსაგვარებლად ნაბიჯებს არ გადადგამს. მოსახლეობის მხოლოდ მეოთხედს მიაჩნია, რომ პარლამენტი რეგულარულად ეკონტაქტება მოქალაქეებს“,-აღნიშნულია „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღნიშნული კვლევა 13-25 ივლისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,016 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.3 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. NDI-ის კვლევები ფინანსდება დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის კარგი მმართველობის ფონდის მიერ. კვლევებს ატარებს CRRC საქართველო.