სოსო ფხაკაძე - „ალმა" გარე რეკლამის ინდუსტრიაში ინოვაციური პროექტების დანერგვას გააგრძელებს

„ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტის სოსო ფხაკაძის განცხადებით, „ალმა" გარე რეკლამის ინდუსტრიაში ინოვაციური პროექტების დანერგვას გააგრძელებს. მისივე თქმით, გარე რეკლამის განთავსებაზე ნებართვის სანაცვლოდ დედაქალაქის ბიუჯეტი მიიღებს დაახლოებით 34.8 მლნ ლარს.

„მოხარულნი ვართ, რომ ჩვენ ჯგუფში შემავალმა კომპანიამ, შპს „ალმამ”, მოიპოვა გამარჯვება თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში თბილისის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების უფლებასთან დაკავშირებით. აქვე აღვნიშნავთ, რომ არანაკლებ მოხარულნი ვართ, რომ გარე რეკლამის განთავსებაზე ნებართვის სანაცვლოდ ჩვენი დედაქალაქის ბიუჯეტი მიიღებს დაახლოებით 34.8 მლნ ლარს. ფაქტია, რომ დედაქალაქმა ბიუჯეტში საკმაოდ სოლიდური თანხის აკუმულირება შეძლო.

ამასთან, როგორც ცნობილია, ჩვენი ჯგუფი უკვე 23 წელია ჩართულია გარე რეკლამის ინდუსტრიაში; შპს “ალმამ” კი, რომელიც ჩვენ წლების წინ შევისყიდეთ, ჩვენს ჯგუფზე კიდევ უფრო ადრე, 1995 წელს დაიწყო ამ სექტორში ოპერირება.

ზემოაღნიშნული ისტორიის გათვალისწინებით, როგორც ადრეც ვიუწყებოდით, აუქციონში გამარჯვება „ალმასთვის” მნიშვნელოვანი ბიზნეს გადაწყვეტილება იყო. თუმცაღა, ობიექტურად ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ნებისმიერი ადგილობრივი ბიზნესისათვის ეს საკმაოდ მსხვილი ინვესტიციაა და შესაბამისად, ჩვენ ჯგუფს წლების განმავლობაში მოუწევს ძალიან ბევრი მუშაობა იმისათვის, რომ გავამართლოთ განხორციელებული ინვესტიცია.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, შპს “ალმას” ფორმატში ვგეგმავთ სხვადასხვა ტიპის საინვესტიციო პროექტების განხორციელებას, რითაც ჩვენს მოკრძალებულ წვლილს შევიტანთ, როგორც ბიზნესის განვითარების, ასევე დედაქალაქის იერსახის გაუმჯობესება-გათანამედროვების კუთხით. “ალმას" მთელი ამ მრავალი წლის მანძილზე დაგროვილი პროფესიული გამოცდილება მიმართული იქნება გარე რეკლამის ინდუსტრიის განვითარებასა და ინოვაციური პროექტების დანერგვისაკენ” - განაცხადა ფხაკაძემ.