„თელასმა“ 2021 წლის პირველი ნახევრის ოპერაციული მაჩვენებლები გამოაქვეყნა

„თელასმა“ 2021 წლის პირველი ნახევრის ოპერაციული მაჩვენებლები გამოაქვეყნა. კომპანიის ცნობით, 2021 წლის პირველ ნახევარში „თელასმა“ 1,360 მილიარდი კვტ*სთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც 4,1% (53 მილიონი კვტ*სთ-ით) აღემატება 2020 წლის ამავე პერიოდში მოხმარების მოცულობას. მათი ინფორმაციით, ელექტროენერგიის მოხმარების მატება ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის და ახალ მომხმარებელთა რაოდენობის ზრდამ გამოიწვია.

„სს „თელასის“ აბონენტთა რაოდენობა 2021 წლის ექვსი თვის მონაცემებით 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3,5%-ით (23,7 ათასი აბონენტით) გაიზარდა და 692 ათასი აბონენტი შეადგინა, საიდანაც 623,6 ათასი - ფიზიკური პირია, ხოლო 66,4 ათასი – იურიდიური პირი.

2021 წლის იანვარ-ივნისის მონაცემებით კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძემ 6 211 კმ შეადგინა, რაც 4,1%-ით (247 კმ-ით) აღემატება 2020 წლის იანვარ-ივნისის მაჩვენებელს (5 964 კმ). კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე ქსელის განვითარების, რეკონსტრუქციის და მოდერნიზების სამუშაოების ჩატარების შედეგად გაიზარდა“,-აღნიშნულია „თელასის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.