ევროკავშირი საკვებ პროდუქტებში ტყვიის შემცველობის ახალ დონეს ადგენს

ევროკომისია, კიბოს კონტროლის ევროპული გეგმის ფარგლებში, საკვებ პროდუქტებში კანცეროგენების დასაშვებ მაქსიმალურ დონეს ამცირებს. ამის შესახებ ევროკომისიის პრესრელიზში წერია.

„დღეს კომისია საკვები პროდუქტების ფართო ასორტიმენტში კადმიუმისა და ტყვიის ახალ მაქსიმალურ დონეს ადგენს. ეს ზომები მიზნად ისახავს საკვებ პროდუქტებში კანცეროგენული დამაბინძურებლების შემცირებასა და ჯანსაღი საკვების მეტ ხელმისაწვდომობას," - ნათქვამია განცხადებაში.

ტყვიის მაქსიმალურ დონეზე ახალი ნორმა ძალაში 30 აგვისტოდან, კადმიუმზე კი 31 აგვისტოდან შევა.

„ჩვენ ვიცით, რომ არაჯანსაღი დიეტა ზრდის კიბოს რისკს. დღევანდელი გადაწყვეტილება მიზნად ისახავს წინა პლანზე მომხმარებლების წამოწევას, მათთვის უსაფრთხო და ჯანსაღი საკვები პროდუქტების შექმნით, რისი პირობაც კიბოს ევროპული გეგმის ფარგლებში დავდეთ," - აცხადებს ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის ევროკომისარი, სტელა კირიაკიდესი.

გარემოს კანცეროგენით დამაბინძურებელ კადმიუმს პოტენციურად ისეთი საკვები პროდუქტები შეიცავს, როგორიცაა ხილი, ბოსტნეული, მარცვლეული და ზეთოვანი კულტურები. მისი მაქსიმალური დონე სწორედ ამ პროდუქციის გარკვეული ნაწილისთვის შემცირდება.

ამასთან, შემცირდება ტყვიის მაქსიმალური დონე ბევრ საკვებ პროდუქტში, მათ შორის ჩვილებისა და მცირეწლოვანი ბავშვების საკვებში. ტყვიის ახალი მაქსიმალური დონე დადგინდება ისეთი საკვები პროდუქტებისთვისაც, როგორიცაა გარეული სოკო, სანელებლები და მარილი.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ