დაუბეგრავი მინიმუმის გაუქმების ინიციატივას კენჭი ხელახლა უყარეს და მიიღეს

დაუბეგრავი მინიმუმის გაუქმების ინიციატივასთან დაკავშირებით გუშინდელ სესიაზე "ჩავარდნილი" პროექტი, დღეს კენჭისყრაზე განმეორებით დადგა და 73 ხმით, 1-ის წინააღმდეგ გავიდა.

საგადასახადო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები გუშინდელ რიგგარეშე სხდომაზე პარლამენტმა მეორე მოსმენით განიხილა და უყარა კენჭი, თუმცა ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილმა პროექტმა, მეორე მოსმენით კენჭისყრისას, დამტკიცებისათვის საჭირო ხმების რაოდენობა ვერ დააგროვა.

პროექტი დღეს გამართულ კენჭისყრაზე ინიციატორის მოთხოვნითა და რეგლამენტით დადგენილი წესით ხელმეორედ დადგა და 73 ხმით გავიდა. პარლამენტი საგადასახადო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებს იხილავს, რომლის მიხედვით, 2015 წლისათვის მიღებულ შემოსავლებზე დაუბეგრავი მინიმუმის პრინციპი აღარ გავრცელდება. 2015 წელს შესაბამის პირებს კვლავ ექნებათ დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის და 2014 წელს გადახდილი გადასახადის დაბრუნების უფლება, მაგრამ ეს უფლება 2015 წელს მიღებულ შემოსავლებზე აღარ გავრცელდება.

როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე განმარტავს, 2016 წლიდან დაუბეგრავი მინიმუმი აღარ იარსებებს, რადგან მათთვის, ვისაც ეს რეალურად სჭირდება, სოციალური დახმარების გაუმჯობესებული სისტემა იქმნება.