ევროკავშირის ჩინოვნიკების კერძო ავიარეისებისთვის დაფინანსება იზრდება

ევროკავშირის ტენდერების მონაცემთა ბაზის დოკუმენტის თანახმად, ბრიუსელმა კერძო თვითმფრინავებით თანამდებობის პირთა ავიარეისებისთვის ხარჯები 13.5 მლნ ევრომდე გაზარდა. ინფორმაციას Politico ავრცელებს.

ევროკომისიის, ევროპარლამენტის, ევროპული საბჭოსა და საგარეო საქმეთა სამსახურის წარმომადგენელთა ფრენების ხარჯებისთვის, არსებული ხუთწლიანი შეთანხმებით, 2016-2021 წლების პერიოდში მაქსიმალურ თანხად 10,71 მლნ ევრო არის გათვალისწინებული. თუმცა ეს შეთანხმება ახალი ოთხწლიანი კონტრაქტით იცვლება.

ევროკომისიის წარმომადგენლის განცხადებით, ახალი კონტრაქტი, დაახლოებით, 1,606 ფრენის საათს მოიცავს, რომლის თითქმის ნახევარი საშუალო მანძილის, 6,500-დან 10 000 კმ-მდე დისტანციის ფრენებს მოხმარდება.

„ამის საჭიროება, ძირითადად, პანდემიის გამო გაჩნდა. კომერციული ფრენები ნაკლებად იყო ხელმისაწვდომი და შესაბამისად, ხარჯების გაზრდა მიზნად ისახავს ფრენების ოპერატიულ უზრუნველყოფას, თუკი პანდემიასთან დაკავშირებული პრობლემები გახანგრძლივდება. კონტრაქტის ღირებულება აუცილებელ პირობებს შეესაბამება და ეს არ ნიშნავს იმას, რომ თანხა მთლიანად დაიხარჯება,“ - აცხადებს ევროკომისიის წარმომადგენელი.

ახალი კონტრაქტი ივლისში, ევროკომისიის კლიმატის პაკეტის გამოქვეყნების შემდეგ გაფორმდა.

ევროკომისიის თავმჯდომარე, ურსულა ფონ დერ ლეიენმა კერძო თვითმფრინავით 2020 წელს - ექვსი, ხოლო 2021 წელს რვა რეისი განახორციელა. მისმა წინამორბედმა, ჟან-კლოდ იუნკერმა 2019 წელს 14 ასეთი რეისი შეასრულა. მას იმის გამო აკრიტიკებდნენ, რომ კერძო ავიარეისებს ისეთ მცირე დისტანციებზეც იყენებდა, როგორიცაა ბრიუსელიდან სტრასბურგში გადაფრენა.

კომისიაში აცხადებენ, რომ ჩარტერული ფრენები მხოლოდ „განსაკუთრებულ გარემოებებში" სრულდება, როგორიცაა უსაფრთხოების მიზეზები, ასევე, კომერციული ფრენის მიუწვდომლობა ან მისი არასათანადო პირობები.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ