IDFI - პრემიერის მიერ საჯარო სამსახურში ხელფასების ზრდაზე გაკეთებული დაპირებები შეიძლება აღქმულ იქნეს, როგორც საარჩევნო პროცესზე გარკვეული ზეგავლენის მოხდენის მცდელობა

“ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ IDFI მიიჩნევს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში პრემიერ-მინისტრის მხრიდან საჯარო სამსახურში ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით გაკეთებული დაპირებები შეიძლება აღქმულ იქნეს, როგორც საარჩევნო პროცესზე გარკვეული ზეგავლენის მოხდენის მცდელობა.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული, პრემიერ-მინისტრის დაპირება მერების ხელფასების გაორმაგებასთან დაკავშირებით, იმ პირობებში, როდესაც კანონმდებლობა არ უზღუდავს მათ დამოუკიდებლად მიიღონ მსგავსი გადაწყვეტილება, ცალსახად მიანიშნებს თვითმმართველობებში დეცენტრალიზაციის არსებულ პრობლემებზე.

„მუნიციპალიტეტების მერიების დღეის მდგომარეობით მოქმედი საშტატო ნუსხების შესწავლით ირკვევა, რომ მუნიციპალიტეტებში მერის ანაზღაურება 2,600 ლარიდან 4,500 ლარამდე (ხელზე მისაღები 2080 ლარიდან - 3600 ლარამდე) მერყეობს. შესაბამისად, არცერთი მუნიციპალიტეტის მერის მიერ არ არის გამოყენებული კანონმდებლობით დაშვებული შესაძლებლობა მათი ანაზღაურების 6 ათასი ლარით განსაზღვრის შესახებ.

დღეის მდგომარეობით, მერების ყოველთვიურ სარგოებს შორის არსებული განსხვავება არ არის დამოკიდებული მუნიციპალიტეტის სიდიდეზე. მაგალითად, ყველაზე მაღალი შრომის ანაზღაურება (4,500) ლარი განსაზღვრულია ბათუმის, რუსთავის, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერებისთვის. ასევე, სხვა მუნიციპალიტეტებთან შედარებით, მაღალი ანაზღაურებით გამოირჩევიან მესტიის მერი (4,200 ლარი), მარნეულის მერი (4,100 ლარი), ბოლნისის მერი (3,950 ლარი), ბორჯომის მერი (3,750 ლარი) და თეთრიწყაროს მერი (3,600 ლარი). დანარჩენი მუნიციპალიტეტების მერების ყოველთვიური სარგო 3,500 ლარზე ნაკლებია. მაგალითად, თბილისის მერის ანაზღაურება შეადგენს 3,180 ლარს, თელავის მერის - 3,100 ლარს, ქუთაისის, ზუგდიდის და ფოთის მერების - 2,750 ლარს, გურჯაანის - 2,650 ლარს, თიანეთის მერის 2,600 ლარს.

შრომის ანაზღაურებაზე არსებული საკანონმდებლო რეგულაციების და თითოეული მუნიციპალიტეტის მერის სახელფასო პოლიტიკის ანალიზი აჩვენებს, რომ დღეის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტის თითოეულ მერს, საკრებულოს თანხმობით, აქვს შესაძლებლობა საკუთარი წარდგინებით გაიზარდოს ხელფასი. დღევანდელი კანონმდებლობა მუნიციპალიტეტებს არსებული ზღვრული კოეფიციენტების ფარგლებში, აძლევს დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას სახელფასო პოლიტიკის განსაზღვრასთან დაკავშირებით. კერძოდ, ყველაზე მაღალი ანაზღაურების მქონე მერებს, ზღვრული ოდენობის გათვალისწინებით, შესაძლებლობა აქვს ხელფასი დაახლოებით 30%-ით ზრდის, ხოლო ყველაზე დაბალი ანაზღაურების მქონე მერს დაახლოებით 130%-ით.

შესაბამისად მერების არსებული შრომის ანაზღაურება, განპირობებულია თავად მუნიციპალიტეტის მერების პოლიტიკური გადაწყვეტილებით და მუნიციპალიტეტებში არსებული სახელფასო პოლიტიკით. აღნიშნული კი, თავის მხრივ, თანხვედრაშია არსებულ თვითმმართველობის მოდელთან, რადგან სწორედ თვითმმართველობა და არა ცენტრალური ხელისუფლება უნდა განსაზღვრავდეს ადგილზე სახელფასო პოლიტიკას.

IDFI მიიჩნევს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში პრემიერ-მინისტრის მხრიდან საჯარო სამსახურში ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით გაკეთებული დაპირებები შეიძლება აღქმულ იქნეს, როგორც საარჩევნო პროცესზე გარკვეული ზეგავლენის მოხდენის მცდელობა. ამასთან, პრემიერ-მინისტრის დაპირება მერების ხელფასების გაორმაგებასთან დაკავშირებით, იმ პირობებში როდესაც კანონმდებლობა არ უზღუდავს მათ დამოუკიდებლად მიიღონ მსგავსი გადაწყვეტილება, ცალსახად მიანიშნებს თვითმმართველობებში დეცენტრალიზაციის არსებულ პრობლემებზე“,-აღნიშნულია განცხადებაში.