აფხაზეთში კორონავირუსის შემთხვევები იზრდება - დე ფაქტო მთავრობა „საველე ჰოსპიტალს“ ხსნის

აფხაზეთში კორონავირუსის შემთხვევები იზრდება. შედეგად, დე ფაქტო აფხაზეთისა და რუსეთის ხელმძღვანელები შეთანხმდნენ, რომ თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში 150-საწოლიანი რუსული სამხედრო მობილური საავადმყოფო, ე.წ. საველე ჰოსპიტალი განთავსდება. ინფორმაციას Sputnik-Abkhazia ავრცელებს.

დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა, ედუარდ ბუთბამ კორონავირუსთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის სხდომაზე განაცხადა, რომ ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი სოხუმში, პანსიონატ „აიტარის“ ტერიტორიაზე მოეწყობა. ბუთბა აცხადებს, რომ აფხაზეთში სამედიცინო პერსონალის დახმარების თხოვნით რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წერილობით სწორედ მან მიმართა. ბუთბა აფხაზეთში მობილური საავადმყოფოს ჩასვლის ზუსტ დროს არ ასახელებს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მობილური ჰოსპიტალი აფხაზეთში 2020 წლის 20 ოქტომბრიდან მიმდინარე წლის 1-ლი მარტამდეც ფუნქციონირებდა. იმ პერიოდში რუსმა სამხედრო ექიმებმა ჰოსპიტალში სამკურნალოდ და კონსულტაციისთვის 3,7 ათასზე მეტი მცხოვრები მიიღეს, რომელთაგან, დაახლოებით, 3.3 ათას ადამიანს ამბულატორიული, 450-ზე მეტს კი სტაციონარული სამედიცინო მომსახურება გაუწიეს.

რაც შეეხება კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობას, დე ფაქტო მინისტრის თქმით, 2021 წლის 12 აგვისტოს მდგომარეობით, აფხაზეთში კოვიდ-19-ის სულ 23 303 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 336 ადამიანი. 11 აგვისტოს კი გამოვლინდა 104 ახალი შემთხვევა. როგორც ედუარდ ბუთბა აცხადებს, სიტუაცია აფხაზეთში რთულია.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ