უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განაცხადებით, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე საბჭო არსებულ ეპიდსიტუაციას დააკვირდება და შესაბამისი გადაწყვეტილებები მიღებული იქნება.
როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განმარტა, კვლავ სავალდებულოა პირბადის ტარება გარე სივრცეში, სადაც 5-ზე მეტი ადამიანი იკრიბება.
„საბჭოს წინა სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, 5-ზე მეტი ადამიანის შეკრება სადაც ხდება, პირბადის ტარება სავალდებულოა. ასე არის ჩათვლილი ეპიდემიოლოგების მიერ. შესაბამისად, მივყვებით რეკომენდაციებს და მის აღსრულებას. ჩვენ გავითვალისწინეთ ეპიდემიოლოგების რჩევა და შესაბამისად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 5-ზე მეტი ადამიანი სადაც იკრიბება, პირბადის ტარება სავალდებულო უნდა იყოს. 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე არის 3 კვირიანი პერიოდი, რომლის განმავლობაში ჩვენ დავაკვირდებით ეპიდემიოლოგიური სიტუაციის განვითარებას და შესაბამისი გადაწყვეტილებები მიღებული იქნება“,-განაცხადა ღიბრაძემ.
ჟურნალისტების კითხვაზე, განიხილება თუ არა „ლოკდაუნი“ , ღიბრაძემ უპასუხა, რომ ყველანაირი ვერსია განიხილება.
„ყველანაირი ვერსია განიხილება საბჭოში, საბოლოო ჯამში რა გადაწყვეტილება იქნება, მოგახსენებთ. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მაქსიმალურად შევაჩეროთ ეპიდემიის გავრცელება და ის უარყოფითი შედეგი, რომელიც ეპიდემიას ქვეყნისთვის მოაქვს“, - განაცხადა ღიბრაძემ.