გერმანიაში ნაცისტური ტანკის შენახვისთვის 84 წლის მამაკაცი 250 ათასი ევროთი დააჯარიმეს

გერმანიის სასამართლომ, 84 წლის მამაკაცს, ვინც შინ მეორე მსოფლიო ომის დროინდელ საბრძოლო ტანკ „პანტერს“ ინახავდა, 14 თვით პირობითი პატიმრობა და ჯარიმის სახით, 250 ათასი ევროს გადახდა დააკისრა. გერმანიის კანონის შესაბამისად, მსჯავრდებულის ვინაობა არ გამხელილა.

სამართალდამცავებმა მამაკაცის სახლი 2015 წელს გაჩხრიკეს და იქ ტანკი „პანტერი“, საზენიტო ქვემეხი, ტორპედო და ნაცისტური სამახსოვრო ნივთები და ბევრი სხვა რამ აღმოაჩინეს. სამხედროებს 9 საათი დასჭირდათ იმისთვის, რომ სახლის სარდაფიდან ტანკის ევაკუაცია განეხორციელებინათ.

სასამართლო პროცესისას განხილვის საგანი, მამაკაცის მიერ, გერმანიის საბრძოლო იარაღის კონტროლის აქტის შესაძლო დარღვევა იყო. ადვოკატი ირწმუნებოდა, რომ სარდაფში აღმოჩენილ მასალას მხოლოდ სამუზეუმო ფასეულობა ჰქონდა და საბრძოლო მიზნებისთვის არ გამოდგება.

პროცესისას გაირკვა, რომ მსჯავრდებულმა თავისი ტანკი მხოლოდ ერთხელ, თოვლისგან ეზოს გასაწმენდად გამოიყენა. იარაღის უმეტესობა ჩამოწერილია, მაგრამ ზოგი მათგანი ჯერაც საბრძოლოდ ვარგისი ყოფილა.

პირობითი პატიმრობის და ჯარიმის გარდა, მამაკაცს უახლოეს ორ წელიწადში, ტანკის და საზენიტო დანადგარის გაყიდვა ან გაჩუქება დაევალა. ადვოკატის განცხადებით, ერთ-ერთი ამერიკული მუზეუმი, ტანკის შეძენით არის დაინტერესებული.