სახელმწიფო საგარეო ვალი 8,016 მლრდ დოლარია

ერთ წელიწადში საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 1,874 მლრდ დოლარით გაიზარდა.

ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2021 წლის ივნისის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 8,016 მლრდ დოლარს, დღევანდელი კურსით 25 334 მლრდ ლარს გადააჭარბა. 2020 წლის ივნისის მდგომარეობით კი, ვალის მოცულობა 6,142 მლრდ დოლარი ანუ მაშინდელი კურსით 18,766 მლრდ ლარი იყო.

საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB); მსოფლიო ბანკის განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA) და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).

კერძოდ, IDA-ს მიმართ ვალი 880,209 მლნ დოლარია; IBRD-ის მიმართ სახელმწიფოს საგარეო ვალი - 1,180 მლრდ დოლარს, აზიის განვითარების ბანკის (ADB)-ის მიმართ კი - 1,760 მლრდ დოლარს აჭარბებს.

თაია არდოტელი