„არემჯის“ თანამშრომლები მასობრივი ვაქცინაციის პროცესში ჩაერთნენ

მასობრივი ვაქცინაციის ფარგლებში, კომპანია „არემჯის“ თანამშრომლების კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით აცრის პროცესი მიმდინარეობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „არემჯიდან“ აცნობეს, კომპანიის თანამშრომელთა გადაწყვეტილებით, აგვისტო „ვაქცინაციის თვედ“ გამოცხადდა.

მათივე ინფორმაციით, კომპანია ყოველდღიურად ვაქცინაციის მსურველი თანამშრომლების ბოლნისის ცენტრალურ კლინიკაში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს, სადაც ვაქცინაციის პროცესი „არემჯის“ თანამშრომლებისთვის წინასწარი რეგისტრაციის გარეშე მიმდინარეობს.

„ეკონიმიკის მინისტრის ინიციატივის საფუძველზე, ჩვენმა კომპანიამ მიმართა ბოლნისის კლინიკას, „არემჯის“ თანამშრომლებისთვის ვაქცინაციისთვის ცალკე კაბინეტის მოწყობის თაობაზე. ვცდილობთ, მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ კომპანიაში დასაქმებულ ადამიანებს, რომ მათი სურვილის შესაბამისად დროულად აიცრან. ამ დროისთვის კომპანიაში 1000-მდე თანამშრომელია აცრილი. მსურველები კიდევ უფრო მეტია და ვფიქრობ, აგვისტოს ბოლომდე ეს რიცხვი გაიზრდება. ჩვენი გუნდი კარგად აანალიზებს, რომ ვაქცინაცია არის ერთადერთი სწორი და ეფექტური გზა, იმისათვის რომ დროულად დავასრულოთ პანდემია!“ - განაცხადა კომპანია „არემჯი“-ს Covid-19-ის მართვის საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ ედუარდ ენუქიძემ.

კომპანია „არემჯის“ თანამშრომელთა ვაქცინაციის პროცესი საქართველოს ბიზნესომბუდსმენისა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

„არემჯის“ ცნობით, ამ დროისთვის 1000-მდე თანამშრომელია ვაქცინირებული, რაც თანამშრომელთა საერთო რაოდენობის 33%-ს შეადგენს.