127 ათას კგ-ზე მეტი უკან გაბრუნებული კარტოფილი - ქვეყნები, საიდანაც საქართველო პროდუქტს ყიდულობს

2021 წლის იანვარიდან დღემდე საქართველოში შემოტანილი 127 800 კგ დაავადებული კარტოფილი უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნდა.

კერძოდ, აგვისტოში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, საერთო ჯამში, 52 000 კილოგრამი დაავადებული კარტოფილით დატვირთული 2 ავტოსატრანსპორტო საშუალება იქნა შეჩერებული. უწყების ინფორმაციით, ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს სპეციალისტების მიერ, მონიტორინგის გეგმის ფარგლებში, იმპორტირებული კარტოფილის შიგთავსიდან აღებული ნიმუშების ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ჯანმრთელობისთვის საშიში საკარანტინო მავნე ორგანიზმები გამოვლინდა. საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების თანახმად, აღნიშნული ტვირთები უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.

მანამდე ექსპორტიორ ქვეყანას საქართველოს საზღვრიდან 26 800 კილოგრამი კარტოფილი დაუბრუნდა, აქაც მიზეზი პროდუქტში მავნე ნივთიერებების აღმოჩენა იყო. 2021 წლის თემერვალში კი საქართველოდან კარტოფილი მწარმოებელ ქვეყანას ორჯერ დაუბრნდა, ერთხელ - 24 500 კილოგრამი და მეორედაც 24 500 კილოგრამი. ორივე შემთხვევაში პროდუქტში საკარანტინო მავნე ორგანიზმის (Synchytrium endobioticum) არსებობა დადასტურდა.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა რაოდენობის კარტოფილს ყიდულობს საქართველო და ამასთან, როგორია მთავარი ექსპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალი.

საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ ჯამში 6 600 ტონა ახალი ან შეყინული კარტოფილი იყიდა, ჯამში 1,441 მლნ დოლარის ღირებულების. წელს იმპორტი 9 ქვეყნიდან განხორციელდა, ყველაზე დიდი რაოდენობით კარტოფილი კი თურქეთიდან შემოვიდა.

Top-5 ქვეყანა, სადაც საქართველომ წელს ყველაზე დიდი რაოდენობით კარტოფილი იყიდა:

  • თურქეთი - 5 361 ტონა (498,4 ათასი დოლარი)
  • ნიდერლანდები - 635,3 ტონა (507,4 ათასი დოლარი)
  • გერმანია - 350 ტონა (308,8 ათასი დოლარი)
  • დანია - 91,2 ტონა (58,8 ათასი დოლარი)
  • აზერბაიჯანი - 68,6 ტონა (29,4 ათასი დოლარი)

აღსანიშნავია, რომ გასულ წელთან შედარებით 2021-ში საქართველოში ბევრად ნაკლები რაოდენობით კარტოფილის იმპორტი განხორციელდა. უფრო კონკრეტულად, თუ წელს ქვეყანამ უცხოეთში 6 600 ტონა ახალი ან შეყინული კარტოფილი იყიდა, ჯამში 1,441 მლნ დოლარის ღირებულების, შარშან კარტოფილის იმპორტის მოცულობა იყო 13 649 ტონა, ჯამში 3,173 მლნ დოლარის ღირებულების.