2021 წლის 6 თვეში ქართული თაფლის ექსპორტმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. მეფუტკრეთა გაერთიანების ხალმძღვანელი ალეკო პაპავა ,,ბიზნესპრესნიუსთან“ ამბობს, რომ ქართულ თაფლს აქვს პოტენციალი აითვისოს როგორც ევროპის, ასევე აზიის ბაზრები.
მისი თქმით, მიმდინარე წლის მაისში, ლონდონში, მსოფლიო კონკურსზე, საქართველოში წარმოებული თაფლის 4 სინჯი იყო წარდგენილი და ყველამ ვერცხლის მედალი მოიპოვა.
„ამ ეტაპზე, გასული თვის მაგალითით რომ ვიმსჯელოთ, ძირითადი საექსპორტო ბაზრები საფრანგეთი და ბულგარეთია. გარდა ამისა, არის მცირე პარტიები, რომელიც აზიის ქვეყნებში იგზავნება, იაპონიაში და ტაილანდშიც გადის ქართული თაფლი. აკაციის თაფლი საბითუმო პარტიებით, რომელიც არ არის დაფასოებული ძირითადად მაინც ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებში გადის.
ჩვენს სექტორშიც დაინერგა ჰასპის მოთხოვნები, ანუ მიკვლევადობა. ეს პირველი ნაბიჯებია, რომელიც წარმატებით გაიარეს კომპანიებმა და რადგან ეს უკვე გადალახულია, შემდეგში სტანდარტიზება უფრო გამარტივდება. პროცედურული მხრივ, ვთვლი, რომ პრობლემები აღარ იქნება. ახლა, მთავარია, რომ ქართულ თაფლზე მოთხოვნა იზრდება. სასიხარულო ინფორმაციაა ისიც, რომ მაისში ლონდონში მსოფლიო კონკურსზე, ქართული თაფლის 4 სინჯი იყო წარდგენილი და ოთხივემ მოიპოვა ვერცხლის მედალი.
სეგმენტებია, რომელიც ზუსტად უნდა ავითვისოთ და სად რა მოთხოვნაა, იმის მიხედვით მივაწოდოთ. მაგალითად, ევროპა ორიენტირებულია მონოფლორულ მხოლოდ აკაციის თაფლზე, ჩვენთან კი პოლიფრონული მრავალი ყვავილის თაფლი იწარმოება. ასე რომ, ამასაც თავისი ბაზრის მოპოვება უნდა. ჩვენ შეგვიძლია როგორც ევროპის, ასევე აზიის ბაზრის წარმატებით ათვისება“- განაცხადა ალეკო პაპავამ ,,ბიზნესპრესნიუსთან“.
ინფორმაციისთვის, საქსტატის ცნობით, წელს პირველ ნახევარში ქვეყნიდან გავიდა 49,05 ტონა თაფლი (156 ათასი დოლარის ღირებულების), რაც 16-ჯერ მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან და 39-ჯერ მეტია 2019 წლის 6 თვესთან შედარებით. კერძოდ, შარშან პირველ ნახევარში ექსპორტზე გავიდა 3 ტონა თაფლი (25,7 ათასი დოლარის ღირებულების), 2019 წელს კი 1,26 ტონა (11,9 ათასი დოლარის ღირებულების).
რაც შეეხება საექსპორტო ქვეყნებს, 2021 წლის იანვარ-ივნისში ქართული თაფლის ექსპორტი ჯამში 11 ქვეყანაში განხორციელდა.