დიდ ბრიტანეთში აგვისტოდან ახალი ვაკანსიების ყველაზე დიდი რაოდენობა დაფიქსირდა

დიდ ბრიტანეთში აგვისტოს პირველ კვირაში ვაკანსიებზე 1,7 მლნ განცხადება დარეგისტრირდა. ამის შესახებ დასაქმება-დაქირავების კონფედერაციის (Recruitment & Employment Confederation-REC) ახალ კვლევაში წერია, რომელიც 26 ივლისიდან 8 აგვისტომდე პერიოდის ანალიზს ეფუძნება. მონაცემებს BBC ავრცელებს.

კვლევის თანახმად, გასულ კვირას ყველაზე მეტად, 19%-ით ფოტოგრაფებისა და ვიდეოოპერატორების ვაკანსიები გაიზარდა. შემდეგ მოდის სადაზღვევო ოფიცრების ვაკანსიები 15,5%-ით, ხოლო სოფლის მეურნეობის ახალ პერსონალზე მოთხოვნა 10%-იანი ზრდით მესამე ადგილზეა. ასევე, 8%-ით გაიზარდა განცხადებები მლესავების ვაკანსიების შესახებ, ხოლო დეკორატორებზე - 4%-ით.

„ვაკანსიების ასეთი პიკი კოვიდშეზღუდვების მოხსნიდან სამი კვირის განმავლობაში დაფიქსირდა,“ - წერია ანგარიშში. კვლევის პერიოდში ექთნების ვაკანსიებზე დიდი მოთხოვნა უცვლელი დარჩა.

REC-მა, ასევე, დაადგინა, რომ ბოლო სამ კვირაში, მაისის შუა რიცხვებიდან, ახალი ვაკანსიების ყველაზე დიდი რაოდენობა გაჩნდა. რაც შეეხება კლებას, ბავშვთა აღზრდის სფეროში დასაქმების ვაკანსიები 20%-ით, სწავლებისა და განათლების პროფესიონალებზე მოთხოვნა კი 14,7%-ით შემცირდა.

დასაქმების ვაკანსიების ზრდის 10 „ცხელი წერტილიდან“ ოთხი კვლავ ჩრდილო-დასავლეთ ინგლისშია, ხოლო დასაქმების ყველაზე ნაკლები მაჩვენებლის 10 რეგიონიდან 4 შოტლანდიაშია. აგვისტოს პირველ კვირას ვაკანსიებზე ყველაზე მეტი განცხადება ბლექპულში დარეგისტრირდა, რამაც 5%-ზე მეტი ზრდა აჩვენა. მას მოსდევს დასავლეთ დანბარტონშირი, ვირალი და ნორვიჩი, ასევე, აღმოსავლეთ ნორფოლკი.

„მუშახელის უკმარისობა მთელი ქვეყნის მასშტაბით, თითქმის ყველა სექტორში შეინიშნება, თუმცა, მეორე მხრივ, ეს დასაქმებულებისთვის ხელფასებისა და შეღვათების ზრდას იწვევს. ამასთან, დამსაქმებლებს მეტი დახმარება სჭირდებათ მთავრობისგან, რათა საიმიგრაციო სისტემა უფრო მოქნილი გახდეს და უნარებზე ეფექტიანი გეგმის შემუშავება დაჩქარდეს. ათასობით მუშახელს კვალიფიკაციის ამაღლებისა და შემოსავლის გაზრდის შანსი უნდა მივცეთ,“ - აცხადებს REC-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, ქეით შოესმითი.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ