ბელგიის ერთ ქალაქში მძღოლებს ხმამაღალ ავტომობილებს ჩამოართმევენ

ბელგიის ქალაქ გენტში მძღოლებისთვის ახალი წესები შემოიღეს, რომლის მიხედვითაც ხმაურის ლიმიტის დარღვევის გამო, მათი ავტომობილები კონფისკაციას დაექვემდებარება. ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.

ახალი რეგულაციით, პოლიციას, ასევე, ეძლევა უფლება, დააკავოს მანქანები, რომელთა მძღოლებიც ხმამაღალი მუსიკის დაკვრით ან აგრესიული ავტომოძრაობით გადაჭარბებულ ხმაურს გამოსცემენ. ამასთან, მძღოლს მანქანას იმ შემთხვევაშიც ჩამოართმევენ, თუ მფლობელმა, ხმის გაზრდის მიზნით, ძრავისა და გამონაბოლქვის სისტემა შეგნებულად გადააკეთა.

ქალაქის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მოქალაქებისგან სულ უფრო მეტ საჩივარს იღებენ ხმამაღალი მანქანების გამო. ივნისში 120-მდე მოქალაქემ ქუჩაში დემოსტრაციაც მოაწყო და ხმამაღალი ავტომობილების მოძრაობა გააპროტესტა.

„ეს მანქანები ძალიან ხმაურიანია ძრავისა და ხმის გარკვეული სისტემების ან გამონაბოლქვი მილების გამო. შეზღუდვები შეეხება იმ ადამიანებსაც, რომლებიც ხმაურის გამოსაცემად განზრახ აჩქარებენ ან ამუხრუჭებენ და გადაჭარბებული სიჩქარით მართავენ ავტომობილებს," - აცხადებს ქალაქ გენტის მერის მრჩეველი უსაფრთხოებისა და იურიდიულ საკითხებში.

ახალი წესების თანახმად, მძღოლებს, რომლებიც ხმაურის შეზღუდვებს დაარღვევენ, მინიმუმ, 72 საათის განმავლობაში დააპატიმრებენ. მათ, ასევე, მანქანის ევაკუაციისა და შენახვის ხარჯები დაეკისრებათ.

კანონი წლის ბოლომდე იქნება ძალაში, რის შემდეგაც მისი ეფექტიანობა შეფასდება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ