„არ არსებობს ქვეყანა, სადაც ასეთ დაბალ დონეზე იყოს სანადირო მეურნეობა, ტურიზმის მიმართულებით“ - „არადა, გვაქვს რესურსი, რომ სერიოზული ნიშა დავიკავოთ"

„არ არის ქვეყანა, სადაც ასეთ დაბალ დონეზე იყოს სანადირო მეუნეობა, ტურიზმის მიმართულებით“, - ამის შესახებ მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაციის პრეზიდენტმა თემურ ტყემალაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ეს მაშინ, როდესაც ქვეყანას აქვს რესურსი, რომ სერიოზული ნიშა დაიკავოს.

როგორც თემურ ტყემალაძე აცხადებს, გასულ წლებში ეს დარგი უცხოელი ვიზიტორების მხრიდან მოთხოვნადი იყო, თუმცა წელს, პანდემიის გამო, თავს იკავებენ.

ცნობისთვის, ნადირობის სეზონი 2021 წლის აგვისტოს მეოთხე შაბათს გაიხსნება.

„ჩვენც შეზღუდულები ვართ და წელს დიდად არ ველოდებით ტურისტებს. პირადად მე დამიკავშირდა რამდენიმე ტურისტული კომპანია, მაგრამ როგორც ჩანს, თავი შეიკავეს. პანდემიის გამო ერიდებიან. გასულ წლებში ტურისტების მხრიდან ძალიან დიდი აქტიურობა იყო, ჩამოდიოდნენ ნადირობისთვის. ამ სიტუაციაში, რა არის გამოსავალი ვერ გეტყვით. მდგომარეობა რთულია. ახლა ჩვენ რამდენიც არ უნდა ვაპიაროთ ეს მიმართულება, მაინც არავინ ჩამოვა, რადგან პანდემიაა",- ამბობს თემურ ტყემალაძე.

მისი თქმით, ზოგადად, სანადირო მეურნეობას საქართველოში დიდი პერსპექტივები აქვს, რადგან ქვეყანას ამის რესურსი გააჩნია.

"ამ დარგს მიხედვა სჭირდება. იმიტომ, რომ ეს არის მიმართულება, სადაც სერიოზული პერსპექტივები არსებობს. განსხვავებულია ფინანსური მდგომარეობითაც, რადგან უფრო ძვირ სექტორს მიეკუთვნება. ტურისტები, ვინც ნადირობისთვის მოდის, ხარჯავს უფრო მეტ ფულს მომსახურებაში. მე ვიტყოდი, ძალიან დიდი ძალისხმევაა საჭირო, რომ ამ დარგს ხელი შეეწყოს. არ არსებობს ქვეყანა, სადაც ასეთ დაბალ დონეზე იყოს მოწესრიგებული სანადირო მეუნეობა, ტურიზმის მიმართულებით. არადა, გვაქვს რესურსი, რომ სერიოზული ნიშა დავიკავოთ.

მე ვფიქრობ, სწორედ ახლაა იმის დრო, რომ ამ დარგს ყურადღება მიაქციოს სახელმწიფომ და წინ წამოვწიოთ“,- ამბობს თემურ ტყემალაძე.

მისივე ინფორმაციით, გასულ წლებში საქართველოში ნადირობით ძირითადად ევროპის ქვეყნებიდან ინტერესდებოდნენ.

„ადრე ძირითადად ჩამოდიოდნენ ევროპის ქვეყნებიდან, თუმცა მსოფლიოს სხვა ნებისმიერი ქვეყნიდან გვყოლია ვიზიტორები“,- აღნიშნავს თემურ ტყემალაძე.

ნინი ქეთელაური