სად ისვენებენ ევროპის ლიდერები პანდემიის დროს და იცავენ თუ არა მოწოდებას - „დაისვენე ქვეყნის შიგნით“ თავად

კორონავირუსის პანდემიის დროს ქვეყნის მმართველების უმეტესობა სახლში დარჩენისა და მოგზაურობისგან თავის შეკავებისკენ მოგვიწოდებს. Euronews დაინტერესდა, თუ რამდენად იცავენ ევროპის ქვეყნების ლიდერები თავისსავე დაწესებულ რეგულაციებს ზაფხულის განმავლობაში.

ბორის ჯონსონი

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ისევე როგორც გასული წლის ზაფხულში, წელსაც მოსახლეობას ქვეყნის შიგნით მოგზაურობისკენ მოუწოდა. მისი თქმით, საზღვრებს გარეთ მოგზაურობა უფრო სახიფათოა, ამიტომ ჯონსონმა გადაწყვიტა ორსულ მეუღლესა და მცირეწლოვან შვილთან ერთად წელს ინგლისის უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთით, კორნუელში დაისვენოს.

პედრო სანჩესი

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა წელს კანარის კუნძულებზე ლა მარეტას სამეფო რეზიდენციაში დაისვენა, რომელიც სამეფო ოჯახს ეკუთვნის.

კანარის კუნძულები, რომლებიც აფრიკის კონტინენტიდან 100 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს, ესპანეთის სამეფოს ეკუთვნის. შესაბამისად, სანჩესს ქვეყნის დატოვება არ მოუწია.

სერხიო მატარელა

იტალიის პრეზიდენტი სერხიო მატარელა წელს იტალიის კუნძულ სარდინიაზე ისვენებს.

ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მეუღლესთან ერთად ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, საფრანგეთის რივიერაზე ისვენებს. წყვილი Fort de Brégançon-ში ისვენებს, რომელიც 1968 წლიდან საფრანგეთის პრეზიდენტის ზაფხულის სასახლეს წარმოადგენს.

ანგელა მერკელი

Euronews წერს, რომ ჯერჯერობით უცნობია, სად დაისვენებს წელს გერმანიის კანცლერი. გამოცემის მიხედვით, იმის გამო, რომ მერკელი თანამდებობას სექტემბერში ტოვებს, შესაძლოა, მან წელს საზაფხულო შვებულებით არ ისარგებლოს.

ვლადიმერ პუტინი

Euronews-ის მიხედვით, მიმდინარე წლის მარტში პუტინმა თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან ერთად ციმბირში დაისვენა. ცოტა ხნის წინ კი ის კურორტ Villa Sellgren-ში ისვენებდა, რომელიც ფინეთის საზღვრიდან 20 კილომეტრში მდებარეობს.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

ჯერჯერობით უცნობია, თუ სად დაისვენებს თურქეთის პრეზიდენტი, თუმცა, მედიის ინფორმაციით, ის სავარაუდოდ, მარმარილოს ზღვის სანაპიროზე გეგმავს გამგზავრებას.

ბექა ბერიაშვილი