შვედეთში წიგნები კვლავ რეკორდული რაოდენობით იყიდება

შვედეთში წიგნის გაყიდვებმა რეკორდულად მაღალ მაჩვენებელს მიაღწია. წლის პირველ ნახევარში, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, წიგნის მთლიანი გაყიდვები 10%-ით გაიზარდა. ამის შესახებ შვედეთის წიგნის რეალიზატორთა ასოციაციის ანგარიშში წერია, რომლის მონაცემებს Reuters ავრცელებს.

დაბეჭდილი წიგნების რეალიზაციამ 7%-ით, ციფრულის კი 14%-ით მოიმატა. სიის სათავეში საბავშვო წიგნებია.

„პანდემიის დროს ადამიანები ნაკლებად მოგზაურობდნენ და სახლში ჩვეულებრივზე უფრო მეტად ერთობოდნენ, რამაც დარგი შეამზადა იმისთვის, რომ რეკორდული 2020 წლის შემდეგ, კიდევ ერთი ვარსკვლავური წელი ჰქონოდა,“ - წერს Reuters.

პანდემიამდელ, ანუ 2019 წლის პირველ ნახევართან შედარებით, წელს მთლიანი გაყიდვები 18%-ით გაიზარდა.

„ტენდენცია, რომელსაც პანდემიის დაწყებიდან ვაკვირდებით, გრძელდება: გაყიდვების ციფრული არხები და ფორმატები იზრდება მაშინ, როცა წიგნის ფიზიკურ მაღაზიებში რეალიზაცია მცირდება,“ - ნათქვმაია ასოციაციის ანგარიშში. წიგნის შვედი გამყიდველები აცხადებენ, რომ ვაქცინირებული მყიდველები წიგნის ფიზიკურ მაღაზიებს სულ უფრო მეტად უბრუნდებიან. ამასთან, მათი შეფასებით, რეალიზაციის გაზრდაზე დისტანციურმა მუშაობამაც იმოქმედა.

„მაშინ, როცა მსხვილ ქალაქებსა და სავაჭრო მოლებში მდებარე მაღაზიებში ფიზიკური ვაჭრობა შემცირდა, კურორტებსა და საცხოვრებელ უბნებში, სადაც ადამიანები სახლიდან საქმიანობენ, წიგნის მაღაზიები კარგად მუშაობენ,“ - აცხადებს ასოციაციის თავმჯდომარე, მარია ჰამრეფორსი.

ბალტიისპირა პატარა ქალაქ ტროსაში მდებარე საუკუნოვანი წიგნის მაღაზიის ახალი მფლობელი, ჰელენა ვასკესი აცხადებს, რომ მისი მაღაზია მხოლოდ ოფლაინ ანუ ფიზიკურ გაყიდვებზე მუშაობს და მიუხედავად ამისა, მიმდინარე წლის რეალიზაცია 2020 წლის რეკორდულ მაჩვენებელს მიუახლოვდა.

2020 წელს შვედეთში წიგნების მთლიანი გაყიდვები 9%-ით გაიზარდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ