სტარტაპი, რომელიც ნატურალურის იდენტურ რძის პროდუქტებს ძროხების გარეშე აწარმოებს

თანამედროვე სამყაროში სოისა და სხვა მცენარეებისგან დამზადებული რძის პროდუქტებით ვერავის გავაკვირვებთ. თუმცა, ახლახანს ცნობილი გახდა ერთ-ერთი სტარტაპის შესახებ, რომელიც ნატურალურის იდენტურ რძის პროდუქტებს ძროხების გარეშე აწარმოებს.

კალიფორნიაში დაარსებულ კომპანია Perfect Day-ს თანადამფუძნებელი რაიან პანდია აცხადებს, რომ მათ მიერ შექმნილი პროდუქტი ძროხისგან მიღებულ რძის მსგავსად, მოლეკლულურად იდენტურია და იმავე რაოდენობის ცილებს შეიცავს, რასაც ნამდვილი რძე.

მისი თქმით, შესაბამისად, სავსებით შესაძლებელია მიღებული რძისგან ყველის, იოგურტისა და რძის სხვა პროდუქტების დამზადება.

„ჩვენი პროდუქტი მათთვისაა, ვისაც ძალიან უყვარს რძის პროდუქტები, ამასთან სურს თავი კარგად იგრძნოს და პლანეტისა და ცხოველების ბედი ადარდებს“, - აცხადებს ის.

CNN-ის ინფორმაციით, კომპანია ძროხის რძის ცილოვან უჯრედებს იღებს და შემდეგ ლაბორატორიაში მის იდენტურ პროდუქტს ქმნიან. მსგავსი ტექნოლოგიით მიღებულ პროდუქტი არ შეიცავს ლაქტოზას, ჰორმონებსა და ქოლესტერინს. შესაბამისად ის ნებისმიერი ადამიანისთვის უსაფრთხოა.

ამასთან, რძის მიღების პროცედურაში ცხოველები მონაწილეობას არ იღებენ, შესაბამისად, Perfect Day-ის პროდუქტი „ვეგან-მეგობრულიცაა“.

გამოცემა წერს, რომ რძის პროდუქტების ტრადიციული გზით მიღება გარემოს ძალიან აზიანებს, რადგან ცხოველები ძალიან ბევრ სითბურ გაზებს გამოყოფენ. ამიტომ ისინი გლობალურ დათბობას უწყობენ ხელს.

Perfect Day-მა უკვე მიაღწია საერთაშორისო აღიარებას და მათი პროდუქტი აშშ-სა და ჰონგ-კონგის მაღაზიებში იყიდება. ძირითადად გაყიდვაში მათ მიერ წარმოებული ნაყინია.

2021 წლის ბოლომდე კომპანია გეგმავს ბაზარზე მსგავსი ტექნოლოგიით დამზადებული კრემ-ყველი გაიტანოს.

ბექა ბერიაშვილი