კოვიდ-19-ის პანდემიამ არა მხოლოდ საზოგადოების, არამედ ბიზნესის სფეროს წარმომადგენლების ყოველდღიურობაც შეცვალა. ზოგმა ვერ შეძლო გარკვეული ბარიერების გადალახვა და დანებდა, ზოგმა კი, განსაკუთრებული ბრძოლისუნარიანობა გამოიჩინა და საზოგადოებას ის შესთავაზა, რაც ამ დროს ყველაზე მეტად გახდა საჭირო.
სასიამოვნოა, რომ ასეთი ადამიანები ჩვენთანაც არიან, საქართველოში… განსაკუთრებით სასიამოვნო კი ის არის, რომ ასპარეზზე მეწარმე ქალები გამოჩნდენ, ძლიერი ქალები, რომლებმაც ქართული პრდოუქციის პოპულარიზება დაიწყეს. ერთ-ერთი ასეთი მეწარმე ქალი სოფიო სურმავაა, კომპანია „ოლიმპიოს“ დამფუძნებელი.
დღეს, როცა ანტიბაქტერიული და ჰიგიენური საშუალებები ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა, სოფიომ დააფუძნა კომპანია, რომელიც მომხმარებელს სწორედ ანტიბაქტერიულ საშუალებებს სთავაზობს. სოფიოს აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ მისი ბიზნესიდეა და შესაბამისად, ბიზნესიც პანდემიის დროს შეიქმნა და მის მიერ წარმოებული პროდუქცია პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. ამაყობს, რომ ქართულ პროდუქტს ქმნის, რომლის ხარისხიც შესაბამისი სერტიფიკატებითაა აღიარებული.
როგორც თავად ამბობს, ის, პირველ რიგში, დიასახლისია, რომელიც დაინტერესებულია, თუ რომელი ჰიგიენური საშუალებაა სანდო და ეფექტური. როგორც ქალი მეწარმე, სოფიო ცდილობს, ამ შეკითხვაზე საუკეთესო პასუხი თავადვე გასცეს…
„კომპანიის შექმნის იდეა, ბუნებრივია, პანდემიის პერიოდში გაგვიჩნდა, ამ ეტაპამდე მოსასვლელად კი, სულ 10 დღე დაგვჭირდა. 10 დღის განმავლობაში, ქარხნის მოსაწყობად აქტიურად ვმუშაობდით და ამ პროცესს ისევ ვაგრძელებთ. ავაწყეთ დანადგარები, მოვიძიეთ ნედლეული, შევქმენით ეტიკეტი და გავაკეთეთ სხვა ყველაფერი, რაც საჭირო იყო.
დღესდღეობით, „ოლიმპიო“ აწარმოებს 2 სახის თხევად საპონს, ჭურჭლის სარეცხ საშუალებას, სხვადასხვა საფეხმავლო ზედაპირის და ავეჯის საწმენდ საშუალებას, მინების საწმენდს, დანადგარების საწმენდს, ანტისეპტიკს, საკანალიზაციო და სამზარეულოს მილების გამწმენდ საშუალებას.“ - აღნიშნავს სოფიო.
მისივე აზრით, „ოლიმპიოს“ მთავარი სიძლიერე ისაა, რომ მათი ნაწარმი სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტს. სოფიო თვლის, რომ მისი კომპანია სისუფთავის სფეროში ერთ-ერთი კონკურენტუნარიანია, თანაც არამარტო საქართველოში...
„მიუხედავად იმისა, რომ „ოლიმპიო“ ახლახან შეიქმნა, ჩვენი ჯგუფი ამ სფეროში ძალიან გამოცდილი და კვალიფიციურია. ჩვენ ვიცით, როგორი პროდუქტი უნდა მივაწოდოთ მომხმარებლებს. ამ ეტაპზე საბითუმო ხაზის ვაჭრობაზე ვართ ორიენტირებულები, თუმცა საცალო ბაზრის ათვისებაზეც აქტიურად ვმუშაობთ.
ჩვენ პასუხისმგებლები ვართ ჩვენი ნაწარმის ხარისხზე. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ქართული წარმოების ჰიგიენური საშუალებები ამაზე ხარისხიანი არასდროს ყოფილა.“ - აცხადებს სოფიო სურმავა.
როგორც ძლიერი ქალი და წარმატებული მეწარმე, სოფიო ყველა იმ პასუხისმგებლობას უმკლავდება, რაც ბიზნესის მართვას თან ახლავს, განსაკუთრებით კი ისეთი ბიზნესის, რომელიც ახალი ნაწარმის ყოველდღიურად დამზადებას გულისხმობს. ამ ყველაფერს ხარისხის კონტროლი სჭირდება, რადგან სოფიოსა და მის გუნდს არ სურს, რომ ერთი სახეობის ერთი ნაწარმიც კი, მათ მიერვე დაწესებულ ხარისხის მაღალ თამასას ჩამოუვარდებოდეს.
„ჩვენთვის წარმატებული ბიზნესი მომხმარებლების სიმპათიას ნიშნავს. თუ ადამიანები ჩვენი ნაწარმით კმაყოფილნი იქნებიან, ჩვენი ბიზნესიც წარმატებული იქნება. პროდუქციის შექმნის პროცესში ყველა ჩვენგანი თავიდან ბოლომდე ჩართულნი ვართ და პასუხისმგებლობებს ვინაწილებთ. ჩემი მრავალფეროვანი ცხოვრებიდან გამომდინარე, სირთულეებს მარტივად ვუმკლავდები. ამაში ჩემი საქმისადმი სიყვარული მეხმარება.
ამ ეტაპზე არ ვართ ბევრი, რადგან კომპანია ჯერ კიდევ ჩამოყალიბების ეტაპზეა, თუმცა, რა თქმა უნდა, ძალიან მალე გავფართოვდებით და შევძლებთ ადამიანების დასაქმებას. „ოლიმპიო“ ჩვენი ყოველდღიურობაა, რომელიც გვაძლევს მოტივაციას, რომ ქართული ბიზნესის განვითარებაში ძალიან აქტიურად ვიყოთ ჩართულნი. ჩვენ კომპანიას კი ვუსურვებ, რომ ძალიან მალე მიეღწიოს დასახული მიზნებისთვის. ეს აუცილებლად მოხდება, უბრალოდ, დროის საკითხია.“ - ამბობს სოფიო და დასძენს, რომ სამომავლოდ ბევრი გეგმა აქვს, თუმცა დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი მისთვის ქართველი მეწარმეების გვერდით ყოფნაა. „ოლიმპიოს“ სახელით, ის აპირებს ქართველ მეწარმეებს საჩუქრად კომპანიის პროდუქციის ნაკრები გაუგზავნოს, რათა მათგან შეფასებები მოისმინოს.
იხილეთ ვიდეო: https://www.youtube.com/watch?v=5TE8SN80MvI