სასტუმროების ქსელის ამერიკული ოპერატორი Hyatt Hotels საკურორტო კომპანია Apple Leisure Group-ს აქციონერ KKR & Co-ისგან 2,7 მლრდ დოლარად ყიდულობს. Hyatt-ის განცხადებას Reuters ავრცელებს. კომპანია KKR-მა და KSL-მა პენსილვანიაში ბაზირებული საკურორტო კომპანია 2017 წელს Bain Capital-ისგან შეიძინეს.
Hyatt-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ Apple Leisure Group-ის ბიზნესის შეძენით შემოსავლის პროცენტსა და ფულის გამომუშავებას გაზრდის, რადგან თავის გლობალურ საკურორტო წარმომადგენლობას გააორმაგებს. კომპანიაში, ასევე, აცხადებენ, რომ მიმდინარე წელს 1,5 მლრდ დოლარის სასტუმროების უძრავი ქონების გაყიდვის ვალდებულებას შეასრულებენ, საიდანაც კომპანია 2024 წლის ბოლოსთვის დამატებით 2 მლრდ დოლარის შემოსავალს მიიღებს.
Hyatt აპირებს, ახალი შესყიდვის 80%-ზე მეტი 1 მლრდ დოლარის ნაღდი ფულითა და ახალი სესხის კომბინაციით დააფინანსოს, ხოლო დარჩენილ 500 მლნ დოლარს კაპიტალის, ანუ წილობრივი დაფინანსებით დაფარავს. კომპანიამ 1,7 მლრდ დოლარის ფინანსური ვალდებულება JP Morgan-ის წინაშე აიღო. მოელიან, რომ აქტივების გაყიდვის პროგრამიდან შემოსული 2 მლრდ დოლარი ვალის, მათ შორის, ახალი შენაძენისთვის აღებული სესხის დაფარვას მოხმარდება.
შესყიდვის ხელშეკრულება მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში დაიხურება.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ