15 დალუქული ობიექტი და 30 გამოწერილი ჯარიმა - შრომის ინსპექცია მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს

10 აგვისტოდან 15 აგვისტოს ჩათვლით, შრომის ინსპექციამ სხვა ზედამხედველ უწყებებთან ერთად 15-მდე ობიექტი დალუქა, 30 ფიზიკური და იურიდიული პირი კი დააჯარიმა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველოს მთავრობის N322 დადგენილებით აკრძალული საქმიანობის განხორციელებისა და რეკომენდაციების დარღვევის საფუძვლით, უშუალოდ შრომის ინსპექციის სამსახურმა 30 ეკონომიკური ობიექტი დააჯარიმა. 18 იურიდიულ პირს 10 000, ხოლო 12 ფიზიკურ პირს - 2 000 ლარის ოდენობის სანქცია დაეკისრა. დაილუქა 13 ობიექტი.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, გრძელდება აქტივობები ცნობიერების ამაღლების მიმართულებით. ქვეყნის მასშტაბით სულ 2391 სარეკომენდაციო ხასიათის ინსპექტირება განხორციელდა. გაიცა 2142 წერილობითი და 249 ზეპირსიტყვიერი გაფრთხილება.

მათივე ცნობით, ქვეყნის მასშტაბით, კოვიდ რეგულაციების დაცვაზე მონიტორინგში შრომის ინსპექციასთან ერთად, ჩართულია მუნიციპალური საზედამხედველო სამსახურები, სურსათის ეროვნული სააგენტო, საპატრულო და კრიმინალური პოლიცია.