ივლისში საარსებო მინიმუმი 3.8 ლარით გაიზარდა და 218.3 ლარი გახდა

2021 წლის ივლისში, წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 3.8 ლარით გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გასულ თვეს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 218.3 ლარს შეადგენდა, მაშინ როცა 2021 წლის ივნისში ეს მაჩვენებელი 214.5 ლარი იყო.

2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, ივლისში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 34.8 ლარით არის გაზრდილი. შარშან ივლისში საარსებო მინიმუმი 183.5 ლარს შეადგენდა.

ამასთან, „საქსტატის“ მონაცემებით, ივლისში ივნისთან შედარებით, 3.4 ლარით მოიმატა საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმმაც და 190 ლარის ნაცვლად 193.4 ლარი გახდა. რაც შეეხება 2020 წლის ანალოგიურ პერიოდს, შარშან ივლისში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 162.6 ლარს შეადგენდა.